ინფრასტრუქტურის სამინისტრომ “ვანორდს” ანაკლიის პორტის პროექტში შესვლის უფლება მისცა.
როგორც ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, მთავრობამ ეს კომპანია მოიწონა, შესაბამისად, ანაკლიის ინვესტორს ამის შესახებ აცნობა. მათივე ინფორმაციით, ვანორდი კაპიტალში შევა 5 მლნ აშშ დოლარით. თავად კონსორციუმის ცნობით, ჰოლანდიური კომპანია კონსორციუმის 4.16%-იანი მეწილე გახდება.
“Van Oord International, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის – Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას, შეიძენს Anaklia Holding JSC – ის აქციების 4.16%-იან წილს. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს.
ვანორდი” ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან არის ჩართული. პროექტის დაწყებისას ამ კომპანიამ განახორციელა დეტალური საზღვაო-სამშენებლო კვლევები. ასევე, “ვანორდთან” წარმატებული პარტნიორობის მანძილზე შესრულდა 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამაღრმავებელი სამუშაოები, რომელთა ფარგლებშიც მოხდა ანაკლიაში ნაპირის დაღრმავება მინუს 11 მეტრამდე და ამოღებული ქვიშის მასის განთავსება სამშენებლო მოედანზე.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მიაჩნია, რომ ვან ოორდი მნიშვნელოვან ღირებულებას მოუტანს პროექტს თავისი 150-წლიანი გამოცდილებით ისეთ ფართომასშტაბიან სამშენებლო პროექტებში, როგორებიცაა პალმა ჯუმეირას კუნძულები დუბაიში, მეორე სუეცის არხის მშენებლობა ეგვიპტეში, როტერდამის პორტის გაფართოების პროექტი და არაერთი სხვა დიდი მასშტაბის პროექტი”,-აცხადებენ კონსორციუმში.