ახალი ამბები

წიგნი L’ EGLISE GEORGIENNE – მიხეილ თამარაშვილის სამეცნიერო საქმიანობის გვირგვინი

21 სექტემბერი, 2019 •
წიგნი L’ EGLISE GEORGIENNE – მიხეილ თამარაშვილის სამეცნიერო საქმიანობის გვირგვინი

ავტორი: სულხან სალაძე

დაახლოებით ორი თვის წინ ერთმა ნაცნობმა თბილისელმა ბუკინისტმა რამდენიმე საინტერესო წიგნის შესახებ მომწერა. წიგნები მალევე ვნახე და სათანადოდ დავათვალიერე. შემოთავაზებას შორის ჩემი ყურადღება  ყველაზე მეტად ერთმა წიგნმა მიიქცია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ავტორი უცნობი არ იყო ჩემთვის, გადავწყვიტე სანამ წიგნს შევიძენდი, ყველაფერი გულდასმით გამომერკვია. მალევე დავრწმუნდი, რომ წიგნი ჩემი უნდა გამხდარიყო. ცხადია, წიგნის ფასი არ იყო იაფი, თუმცა მცირე ვაჭრობის და საუბრის შემდეგ, ნაცნობმა ბუკინისტმა მნიშვნელოვნად დააკლო ფასი და თანხის ორნაწილად გადახდაზეც მოვრიგდით. ახლა სწორედ ამ წიგნის და მისი ავტორის შესახებ მინდა მოგითხროთ.

1910 წელს რომში ფრანგულენოვანი წიგნის – „L’ EGLISE GEORGIENNE”-ს ანონსი გამოქვეყნდა. წიგნის ავტორი, რომლის დაბეჭდვის შემდეგაც ევროპას საქართველოს ეკლესიის და, ზოგადად, საქართველოს ისტორიის თავიდან აღმოჩენის შესაძლებლობა მიეცემოდა, აბატი მიქელ თამარატი, იგივე მიხეილ თამარაშვილი იყო. წიგნის ანონსში ავტორი წერდა – „თავს ნებას ვაძლევთ, განათლებულ საზოგადოებას და საერთოდ, ფართო პუბლიკას შევთავაზოთ სრულიად ახალი სახის ნაშრომი, რომლის შინაარსი ისევე ნაკლებად არის ცნობილი, როგორც საინტერესო.“

თამარაშვილის ზემოთ მოყვანილი წერილიდან მალევე, იმავე წელს, რომში წიგნის სრული ვერსია დაიბეჭდა. წიგნმა ევროპაში იმაზე დიდი ინტერესი გამოიწვია და წარმატება მოიპოვა, ვიდრე ავტორი წარმოიდგენდა. წლების განმავლობაში, ვატიკანისა და ევროპის სხვა უმნიშვნელოვანეს არქივებში გატარებულმა დრომ შედეგი გამოიღო. ტექსტის გარდა წიგნს ისიც გამოარჩევდა, რომ ასზე მეტი გრავიურა, ჩანახატი, ფოტო და ორი რუკა ერთვოდა თან.

წიგნის გამოცემიდან მალევე ორმოცდაათზე მეტი რეცენზია გამოქვეყნდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. წიგნის რამდენიმე ეგზემპლარმა საქართველოშიც ჩამოაღწია და დიდი მოწონება დაიმსახურა. სხვა ყველაფერს  თავი რომ დავანებოთ, მიხეილ თამარაშვილის უდიდესი დამსახურება იყო, რომ ქართველებმა ნახეს XVII საუკუნეში, საქართველოში მყოფი თეატინელთა ორდენის წარმომადგენლის, დონ კრისტოფორო კასტელის მიერ საქართველოში შესრულებული ჩანახატები.

თამარაშვილს წიგნში კასტელის არაერთი ჩანახატი აქვს შეტანილი, მათ შორის, მალაქია კათალიკოსის, ნიკოლოზ ირბახის, თეიმურაზ I-ის, ლევან დადიანის, ელენე ათაბაგის და იმერეთის მეფე ალექსანდრესი, ასევე, ქუთაისისა და გორის ციხეების, ზუგდიდში ლევან დადიანის სასახლის, არგვეთაში თეატინელ მისიონერთა რეზიდენციის, ქართველ მხედართა შეჯიბრების და სხვა. ასევე მიხეილ თამარაშვილს უკავშირდება ევროპაში სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობის არქივის აღმოჩენა და გამოკვლევა.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ძირითადი მიზანი ევროპელი მკითხველისთვის საქართველოს ეკლესიის საფუძვლიანი გაცნობა იყო, თამარაშვილი უშუალოდ ეკლესიასთან დაკავშირებული თემების მიღმა არაერთ საკითხს ეხება. წიგნში ცალკე თავები ეთმობა გეოგრაფიულ, ეთნოგრაფიულ და პოლიტიკურ ცნობებს საქართველოს შესახებ და მხოლოდ ამ ცნობების შემდეგ იწყება საფუძვლიანი საუბარი ეკლესიაზე, რაც მოიცავს პერიოდს წმინდა კვართიდან XX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია, რომ წიგნში მონღოლთა შემოსევის პერიოდიდან მოყოლებული, ვრცელი ინფორმაციაა წარმოდგენილი საქართველოში კათოლიკე მისიონერების მოღვაწეობის შეეხება, მათ შორის თეატინელების, კაპუცინებისა და პროპაგანდა ფიდეს საქმიანობის შესახებ.

არადა, წიგნის გამოცემამდე და საყოველთაო აღიარების მოპოვებამდე რთული გზის გავლა მოუწია. ყველაფერი ახალციხიდან დაიწყო – 1858 წელს პეტრე თამარაშვილის მრავალშვილიან ოჯახში დაბადებული მეცხრე შვილი ერთი ხანობა, 1874 წელს, ძმასთან ერთად ქუთაისში საბაყლო დუქნის გაძღოლას ცდილობდა. მერე იყო სახარაზო სახელოსნო ხაშურში, რომლიდანაც ბევრი არაფერი გამოვიდა. 1878 წლიდან კი პეტრე გვარამაძის რჩევით და დახმარებით კონსტანტინეპოლში გაემგზავრა და პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაფუძნებულ კათოლიკურ სასწავლებელში დაიწყო სწავლა, სადაც მალე ბერად აღიკვეცა.

სწავლობდა ესპანეთსა და საფრანგეთში. საქართველოში დაბრუნებული, ცოტა ხნით, თბილისის კათოლიკეთა მიძინების ეკლესიის მოძღვარი იყო. ქადაგების დროს მწვავედ უპირისპირდებოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას, მაგრამ მალე მოუხდა საქართველოს დატოვება. 1890 წელს რომის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა, ხოლო 1897 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე სამეცნიერო საქმიანობას მისდევდა. გარდა მშობლიური ქართულის, ფლობდა ლათინურ, ფრანგულ, რუსულ, იტალიურ, თურქულ და სომხურ ენებს.

თამარაშვილს პირველი სერიოზული აღიარება მოუტანა 1902 წელს თბილისში გამოცემულმა ფუნდამენტურმა ნაშრომმა – „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“. 1910 წელს რომში გამოცემული „L’ EGLISE GEORGIENNE” კი, მისი სამეცნიერო საქმიანობის გვირგვინი იყო. თუმცა ყველაფერი მოულოდნელად დასრულდა, 1911 წელს აღელვებულ ზღვაში უცნობი მამაკაცის გადასარჩენად შევიდა, მამაკაცი გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა.

მიუხედავად იმისა, რომ „L’ EGLISE GEORGIENNE”-ს გამოცემიდან ასზე მეტი წელი გავიდა, ბევრი მოვლენა და ფაქტი დაზუსტდა ან შეიცვალა, წიგნი მაინც არ კარგავს აქტუალობას. ამასთან, წიგნი ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვან და შეუფასებელ ისტორიას ინახავს ევროპული არქივების დიდი ნაწილი საქართველოს შესახებ.

________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი