Pew Research Center-მა სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის მორწმუნეების რაოდენობის ზრდის ტემპი გაზომა. CNN-ის მიერ ამ საკითხზე მომზადებული პუბლიკაციით ირკვევა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე სწრაფად ისლამი ვრცელდება. მეორე ადგილზე ქრისტიანობაა.
“ისლამი მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგია, 2010 წლისათვის 1,6 მილიარდ მორწმუნეს ითვლიდა, ეს რიცხვი 2050 წლისათვის 2,76 მილიარდს მიაღწევს. 2050 წლისათვის მსოფლიოში ადამიანების პროგნოზირებადი რაოდენობის [9 მილიარდი] ⅓-ს შეადგენს.
მოსალოდნელია ქრისტიანობის ზრდაც, თუმცა არა ისლამის ტემპით. Pew Research Center-ის კვლევით ქრისტიანების რაოდენობა 2,17 მილიარდიდან 2050 წლისათვის 2,92 მილიარდს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანები მთლიანი მოსახლეობის 31 პროცენტი იქნებიან”, – წერს CNN.
კვლევის მიხედვით, 2050 წელს მუსლიმების რაოდენობა ქრისტიანების რაოდენობას მიუახლოვდება.
“თუ უფრო შორს წავალთ, მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობამ 2100 წელს შესაძლო ქრისტიანული რწმენის მიმდევრებს გადაასწროს”.
რაც შეეხება საქართველოს, ანალიტიკური ცენტრი აცხადებს, რომ 2050 წლისათვის ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 3,470,000 ადამიანით განისაზღვრება, რომლის 85 პროცენტი ქრისტიანები, ხოლო 14 პროცენტი მუსლიმი მოსახლეობა იქნება. ქვემოთ მოცემული დიაგრამის მიხედვით საქართველოში მუსლიმების რაოდებობა დაახლოებით 4 პროცენტით გაიზრდება.
CNN-ის ინფორმაციით, Pew Research Center ვაშინგტონში ბაზირებული უპარტიო “fact tank”-ია, რომელიც მსგავსი ტიპის კვლევებს პერიოდულად ატარებს. ზემოხსენებული კვლევა 6 წლის განმავლობაში ტარდებოდა და მკვლავარებმა მონაცემები 234 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან მიიღეს ანალიზით.
“კვლევა, რომელიც Pew Research Center-მა შემოგვთავაზა, პირველია, რომელიც ამ მიმართულებით ჩატარდა. კვლევა ეფუძნება მოსახლეობის ასაკის, შობადობის მაჩვენებლის, სიკდვილიანობის ინდექსს, ასევე მიგრაციის ნაკადებს ანალიზს. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, მუსლიმებს უფრო დიდი ოჯახები აქვთ, რომელშიც უფრო მეტი ადამიანი წევრიანდება და სხვა რწმენის ადამიანებთან შედარებით უფრო ახალგაზრდები არიან. 3 მუსლიმ ადამიანში 1-ზე მეტი 15 წელზე ნაკლები ასაკისაა”, – წერს CNN. მაგრამ რელიგიური ტენდენციები კვლევებით ყოველთვის არ იზომება ზუსტად, ამის შესახებ სტატიის მიხედვით განმარტებას თვითონ ანალიტიკური ცენტრი აკეთებს:
“მოსახლეობის რაოდნეობის შესახებ გათვლები ემყარება ამ დროისთვის არსებულ სტატისტიკურ დემოგრაფიულ მონაცემებს. მაგალითად, მუსლიმ ქალს საშუალოდ 3 შვილი ჰყავს, რაც სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით ყველაზე მაღალი მონაცემია. მომავალში გაკრვეული გარემოებების გათვალისწინებით ეს მონაცემი შესაძლოა შეიცვალოს. ასევე, ვერავნი გამორიცხავს ისეთ მოვლენებს, როგორებიც კატაკლიზმები, ომები და ეკონომიკური კრიზისებია, რასაც ზემოხსენებულ რიცხვებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ”, – წერს CNN.
კვლევის მიხედვით, თუ დემოგრაფიული პროცესები იმ კალაპოტით განვითარდება, რაშიც დღეს არის, 2050 წლისათვის ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი მუსლიმები იქნებიან. ინდუიზმი და იუდაიზმი ასევე გაზრდება მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო ბუდიზმის მიმდევრების რაოდენობა მკვეთრად არ შეიცვლება.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც თავს არც ერთ რელიგიურ მიმდინარეობას არ მიაკუთვნებენ (ათესიტები, აგნოსტიკოსები), კვლევის მიხედვით, 2010 წლისათვის მათი რაოდენობა 1,1 მილიარდი ადამიანი იყო, 2050 წლისათვის კი პროგნოზირებულია, რომ ეს რიცხვი 1,2 მილიარდს გადააჭარბებს, რაც მთლიანი მოსახლეობის 13 პროცენტს შეადგენს.