ახალი ამბები

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან მოსკოვის თეატრის სტუმრობა გააპროტესტეს

19 ოქტომბერი, 2019 •
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან მოსკოვის თეატრის სტუმრობა გააპროტესტეს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ მოსკოვის თეატრის „ნიკიტკის კარიბჭეს“ სტუმრობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ოკუპაციის პირობებში რუსული თეატრის სპექტაკლები მათთვის მიუღებელია.

“ახლაც როცა თქვენ გესაუბრებით ატოცში საზღვარს წევენ და ოკუპაციას აგრძელებენ. ამ დროს კი ქუთაისის თეატრში რუსული თეატრის წარმომადგენლები სპექტაკლს მართავენ. ეს არის ყოვლად უმსგავსო საქციელი და მოვითხოვთ მესხიშვილის სახელობის თეატრმა ბოდიში მოიხადოს,”-უთხრა ტვ პირველს ნიკა დეისაძემ.

აფიშის მიხედვით თეატრმა ქუთაისში ორი სპექტაკლი უნდა ითამაშოს –  „არ დამივიწყო“  19 ოქტომბერს, ხოლო „ჩვენი ეზოს  სიმღერები“ 20 ოქტომბერს.

თავად მესხიშვილის თეატრის მენეჯმენტი, მოსკოვის თეატრის გასტროლში პრობლემას ვერ ხედავს.

სულხან გოგოლაშვილი ლადო მესხიშვილის თეატრის დირექტორი, ამბობს რომ მოსკოვის თატრი ქუთაისში მემორანდუმის ფარგლებში მოიწვიეს. ამ მემორანდუმში სხვა დამეგობრებული თეატრებიც შედიან.

„ხდება კულტურული გაცვლა თეატრებს შორის. არანაირი სახელმწიფო სტრუქტურები ჩარეული არაა.  გასაგებია მათი პროტესტი [მოქალაქეების]. მეც ვთვლი რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მე არ ვიღებ ოკუპანტ რუსეთს თეატრში. მე ვიღებ კულტურულ რუსეთს. რომელსაც მემგონია ჩვენ არ ვებრძვით, ისევე როგორც არ ვებრძვით სპორტულ რუსეთს, ისევე როგორც არ ვებრძვით ტურისტულ რუსეთს. რატომ დადის მაშინ რეზო გაბრიაძე მოსკოვში და რატომ ატარებს სპექტაკლებს, რატომ მღერის ნინო ქათამაძე, რატომ ვყიდით ღვინოს რუსეთში, მაშინ თუკი ესეთი პროტესტია?“-ამბობს ის.

მესხიშვილის თეატრი ქუთაისში მოსკოვის თეატრს მასპინძლობს – აქტივისტები აქციას გეგმავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი