ახალი ამბები

მესხიშვილის თეატრი ქუთაისში მოსკოვის თეატრს მასპინძლობს – აქტივისტები აქციას გეგმავენ

19 ოქტომბერი, 2019 •
მესხიშვილის თეატრი ქუთაისში მოსკოვის თეატრს მასპინძლობს –  აქტივისტები აქციას გეგმავენ

დღეს, 19 ოქტომბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრი მოსკოვის თეატრს „ნიკიტკის კარიბჭეს“  მასპინძლობს. აფიშის მიხედვით თეატრმა ქუთაისში ორი სპექტაკლი უნდა ითამაშოს –  „არ დამივიწყო“  19 ოქტომბერს, ხოლო „ჩვენი ეზოს  სიმღერები“ 20 ოქტომბერს.

დაგეგმილი გასტროლის შესახებ გავრცელებულ  ინფორმაციას, პროტესტი მოჰყვა ქუთაისში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტებში.  მოქალაქეები ამბობენ რომ დაუშვებელია ოკუპანტი ქვეყნის თეატრის მსახიობებმა ქუთაისში სპექტაკლი ითამაშონ.

თავად მესხიშვილის თეატრის მენეჯმენტი, მოსკოვის თეატრის გასტროლში პრობლემას ვერ ხედავს.

სულხან გოგოლაშვილი, ლადო მესხიშვილის თეატრის დირექტორი, ამბობს რომ მოსკოვის თატრი ქუთაისში მემორანდუმის ფარგლებში მოიწვიეს. ამ მემორანდუმში სხვა დამეგობრებული თეატრებიც შედიან.

„ხდება კულტურული გაცვლა თეატრებს შორის. არანაირი სახელმწიფო სტრუქტურები ჩარეული არაა.  გასაგებია მათი პროტესტი [მოქალაქეების]. მეც ვთვლი რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მე არ ვიღებ ოკუპანტ რუსეთს თეატრში. მე ვიღებ კულტურულ რუსეთს. რომელსაც მემგონია ჩვენ არ ვებრძვით, ისევე როგორც არ ვებრძვით სპორტულ რუსეთს, ისევე როგორც არ ვებრძვით ტურისტულ რუსეთს. რატომ დადის მაშინ რეზო გაბრიაძე მოსკოვში და რატომ ატარებს სპექტაკლებს, რატომ მღერის ნინო ქათამაძე, რატომ ვყიდით ღვინოს რუსეთში, მაშინ თუკი ესეთი პროტესტია?“ – სვამს კითხვებს სულხან გოგოლაშვილი „ნეტგაზეთის“ კითხვების პასუხად.

გოგოლაშვილის თქმით, მოსკოვის თეატრის ქუთაისში გასტროლი სახალხო დიპლომატიაა.

„ეს სახალხო დიპლომატიაა და პირიქით ხელს შეუწყობს ძალიან  ბევრი პრობლემის მოგვარებას.  მაშინ გავიდეთ მოედანზე, დავანთოთ ცეცხლი, დავწვათ ჩეხოვი, დოსტოევსკი, გოგოლი, გრიბოედოვი და ა.შ. მაშინ ვინ ვიქნებით მსოფლიოს თვალში, ჩვენ თუ კულტურულ რუსეთს დავუწყეთ ბრძოლა? მე ნამდვილად  ვიცი რომ ეს თეატრი არ არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი, ამიტომაც ვმეგობრობ. ამ თეატრმა 2008 წლის შემდეგ დადგა ქართული სპექტაკლი „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“, რომელიც ჩამოტანილი ჰქონდა ქუთაისის თეატრში 2017 წელს. მე არ ვთვლი რომ ეს თეატრი რუსული პოლიტიკის გამტარებელია,“ – ამბობს სულხან გოგოლაშვილი.

გოგოლაშვილის თქმით, მოსკოვის თეატრის გასტროლს არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია არ აფინანსებს და ისინი თავიანთი ხარჯით ჩამოდიან.

აქცია მოსკოვის თეატრ „ნიკიტკის კარიბჭეს“  ქუთაისში დაგეგმილი გასტროლის გასაპროტესტებლად მესხიშვილის თეატრის წინ დღეს, 19 ოქტომბერს, 19 საათზეა დაგეგმილი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2724559620901026&set=a.199815820042098&type=3&theater

მასალების გადაბეჭდვის წესი