სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აკრიტიკებს ქუთაისის მესხიშვილის თეატრის წინ გამართულ აქციას. ლილუშვილის თქმით, ის, რომ აქტივისტებმა რუსული თეატრალური დასის ჩამოსვლა გააკრიტიკეს, რუსოფობიაა, რომელსაც ქვეყანა ჩიხში შეჰყავს.
ლილუაშვილმა აღნიშნული განაცხდა “იმედის“ ეთერში, გადაცემა “SWOT ანალიზის“ დროს, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა, ნიკოლოზ ლალიაშვილმა ჰკითხა, მისი აზრით, არსებობს თუ არა საზოგადოებაში არსებული ფობიების დაძლევის საშუალება.
“მაგალითად, როცა ლაპარაკი იყო აზიურ ფაროსანაზე, მე მახსოვს აქტივისტების განცხადებები, რომ იმ შემთხვევაში, თუ აუცილებლობა იქნება, რომ ქართულმა მხარემ იკონტაქტოს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ფაროსანას ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე, მაინც არ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი, დაე, ფაროსანამ გაანადგუროს მთელი ქართული მოსავალი, არა ოკუპანტთან ლაპარაკს. არსებობს ფობიები, ისევე, როგორც არსებობს “ამერიკოფობია“ ,- ამბობს ჟურნალისტი.
ამ კითხვაზე პასუხისას ლილუაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებაში აუცილებელია განხორციელდეს უფრო მეტი საგანმანათლებლო პროგრამები და დისკუსიები, რაც აუციელებლია იმისთვის, რომ ფობიებს ვებრძოლოთ.
“ვინაიდან რუსოფობია ვერ წაგვადგება. ხალხი აბსოლუტურად გულღიად ხვდება იმ დიდ ტურისტულ ნაკადებს, რომელიც რუსეთიდან მოედინება, ხალხში რუსი ერის მიმართ აგრესია არ არის. აგრესია გვაქვს და არ ვეთანხმებით რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას საქართველოს მიმართ.
გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ჩემი აზრით, ვინაიდან ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა მიიღო თავისი კოლეგის, სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი დრამატული დასი, რა დროსაც ჩვენი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი აქტივისტები მიცვივდნენ და შეეცადნენ, ჩაეშალათ ეს ღონისძიება, ვინაიდან სტუმრები წარმოადგენდნენ რუსეთის მოქალაქეებს.
ასეთი ფობიები შედეგის მიღწევაში არ წაგვადგება. ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი გულის მოსაფხანი რეაქციები, თუმცა საქმეს ნამდვილად არ წაადგება. შესაბამისად, თუკი იმ 9 მლნ ტურისტიდან ნახევარზე ცოტა მეტი იყო რუსულენოვანი სამყაროდან ჩამოსული და ჩვენ მათ გაშლილი ხელით, ღვინით, ჩვენი ტრადიციული სტუმარმასპინძლობით დავხვდით – რატომ უნდა დავხვდეთ აგრესიით ხელოვან ადამიანებს, რომელთაც სპექტაკლი აქვს ჩამოტანილი ქუთაისში?!
ჩვენ უნდა ავირჩიოთ მიმართულებები, რომლებიც ფონს გაგვიყვანს და არა ჩიხში მოგვამწყვდევს. მე ვფიქრობ, რომ ეს ფობიური განცდები და მოქმედებები, რეაქციები, სწორედ ჩიხში შესაყვან მიმართულებებს წარმოდგენს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ“, – აბობს ლილუაშვილი.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/234420/