ახალი ამბები

სახელმწიფომ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს კომპენსაცია შეუწყვიტა

7 აპრილი, 2015 •
სახელმწიფომ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს კომპენსაცია შეუწყვიტა

 

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის 10.11.2004 წლის ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ: „მე-11 მექანიზირებული ბრიგადის შერეული სატანკო ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მე-3 მსუბუქი ქვეითი ოცეულის, მე-3 ქვეითი მსუბუქი ათეულის მეტყვიამფრქვევე, კაპრალი ზაზა თემურის ძე იაკობაძე გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და ამოირიცხოს პირადი შემადგენლობიდან გარდაცვალების გამო 2004 წლის 24 აგვისტოდან. შტატი #8/502-01. გარდაცვალება დაკავშირებულია სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებასთან“.

 

გარდაცვლილი ჯარისკაცის - ზაზა იაკობაძის მშობლები
გარდაცვლილი ჯარისკაცის – ზაზა იაკობაძის მშობლები

იაკობაძეების ოჯახი ამ ბრძანებას საქმიანად პირველად შვილის დაღუპვიდან 10 წლის შემდეგ მიუდგა: საინფორმაციო გამოშვებაში მოისმინეს, რომ 2014 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები ყოველთვიურად 500-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ და საბუთების შეგროვება დაიწყეს. ცვლილების თანახმად, ფულადი დახმარება ენიშნებოდათ ასევე, საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ, 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

 

ზაზა იაკობაძე სწორედ 2004 წლის 22-24 აგვისტოს ცნობილი მოვლენების ერთ-ერთი მსხვერპლია.

 

ზაზას მამა – თემურ იაკობაძე ამბობს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად თავი მოუყარა შვილის დოკუმენტებს (გარდაცვალების ბრძანების ასლი და სხვა) და თავდაცვის სამინისტროში გააზავნა, საიდანაც კიდევ ერთი შესაბამისი ბრძანება მიიღო. შემდეგ ეს დოკუმენტები წარადგინა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. საიდანაც ხულოს სუბსიდირების სააგენტოს გადმოუგზავნეს დოკუმენტები. ასე დაუნიშნეს ოჯახს კომპენსაცია.

 

„არც კი ვიცოდი, ისე დაგვინიშნეს დახმარება. პირველად დახმარება 2014 წლის მარტში ავიღე, სამი თვის თანხა ისე იყო დარიცხული, არ ვიცოდი, ბანკის ბარათი მომიტანეს და მაშინ მივხვდი, რომ დაგვინიშნეს დახმარება“, – ყვება თემურ იაკობაძე „ბათუმელებთან“.

 

ცოტა ხნის  წინ თემურ იაკობაძეს და მის მეუღლეს, როგორც თვითონ ყვებიან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან დაუკავშირდა ამ სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ნინო ფირანაშვილი და უთხრა, რომ ისინი დახმარებას უკანონოდ იღებდნენ და მიღებული თანხა სრულად ჩამოეჭრებათ მათი პენსიიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. „ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. მგონი 9 თვის თანხა გვქონდა აღებული… ახლაც გვიგზავნიან სმს-ებს და თანხას უკან ითხოვენ“, – ამბობს თემურ იაკობაძე, რომელიც ამ საქმის გასარკვევად თბილისში ოთხჯერ ჩავიდა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერაფერი ვერ დაადგინა:

 

„ნინო ფირანაშვილს სამჯერ შევხვდი – თავდაცვის სამინისტროს ცნობებს ითხოვდნენ. ვეტერანების სამსახურიდან თავდაცვის სამინისტროში და პირიქით რამდენჯერმე ვიყავი. ბოლოს ნინო ფირანაშვილმა მითხრა, რომ თავდაცვის სამინისტროდან მათთვის გაგზავნილი დასკვნის საფუძველზე არ მაძლევენ კომპენსაციას“.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შეტყობინებით შეურაცხყოფილია გარდაცვლილი ჯარისკაცის დედაც. ლეილა იაკობაძე იხსენებს მისი შვილის გარდაცვალების დროინდელ მოვლენებს: „22 აგვისტოს ჩემმა შვილმა დამირეკა. ვკითხე, რატომ გაქვს უცხო ხმა-მეთქი. დაჭრილი ვარო. მითხრა, ტელევიზორს ნუ შეხედავ და რომ გნახავ, მერე ყველაფერს მოგიყვებიო. მერე ვიღაცის ხმა გავიგონე, გათიშე ბიჭოო… მაშინ ტელეფონები არ იყო ისე, ახლა რომ არის, მეზობელს ჰქონდა ტელეფონი და იმაზე დამირეკა. თურმე ცხინვალში იყო და რომ დაიჭრა, გორის ჰოსპიტალში ჰყავდათ“.

 

იაკობაძეების მონათხრობით, სახელმწიფომ შვილის დაჭრის შესახებ არ აცნობა ოჯახს, ცხედარი კი ჯარისკაცის თანამებრძოლებმა ჩაუსვენეს მშობლებს. დედა ამბობს, რომ ზუსტად ისიც კი არ იცის, სად გარდაიცვალა მისი შვილი. „შვილი მომიკვდა და რა უნდა მომეკითხა. ჩვენში ისეთი წესია, თუ შვილი მოგიკვდება, უნდა იგლოვო. მე არც მიჩივლია, არც არაფერი მიკითხავს, არც მაინტერესებდა. ისეც საიდუმლოდ ინახავდნენ ამბავს, რატომ დღესაც ვერ ვხვდები. ახლა ამბობენ, რომ ვითომ ჩვენ ვიყავით ექსპერტიზის წინააღმდეგი. როგორ შეიძლება ჩვენ ვყოფილიყავით ექსპერტიზის წინააღმდეგ, როცა ჩემი შვილი მათთან მოკვდა. საჭიროდ რომ ჩაეთვალათ ექსპერტიზის ჩატარება, მაგას მე შემეკითხებოდნენ? განა მათთან არ იყო ჩემი შვილი? იმის ღირსიც კი არ გამხადეს, რომ შვილის დაჭრის ამბავი ეთქვათ“, – ამბობს ლეილა იაკობაძე.

 

გარდაცვლილი ჯარისკაცის მშობლებმა ვერაფრით გაარკვიეს, რატომ ითხოვს სახელმწიფო კომპენსაციის გზით მიღებული თანხის უკან დაბრუნებას. საკითხის გარკვევა სცადა „ბათუმელებმაც“ – სამ სახელმწიფო უწყებას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შემდეგი კითხვებით მიმართა: 2004 წლის 23 აგვისტოს ცხინვალთან მომხდარი კონფლიქტის დროს დაღუპული ჯარისკაცის – ზაზა იაკობაძის გარდაცვალების საფუძველზე მისი მშობლებისთვის დანიშნული კომპენსაცია რის საფუძველზე შეუწყვიტეთ? რის საფუძველზე დაენიშნა თავის დროზე ეს კომპენსაცია? რა ბერკეტების გამოყენებას აპირებთ, თუ დაღუპული ჯარისკაცის მშობლები უარს იტყვიან თანხის დაბრუნებაზე?

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან „ბათუმელებს“ შეატყობინეს, რომ იაკობაძის ოჯახის კომპენსაციიის გაცემა შეწყვეტის საკითხი მათ არ ეხება და საქმის გასარკვევად „ხულოს სუფსიდირების სააგენტოს უნდა მივმათოთ“. დანარჩენი ორი უწყებიდან „ბათუმელებს“ შეკითხვებზე პასუხი არ მიუღია.

 

„კომენტარის გარეშე“, – უთხრა საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარში ხულოს სუფსიდირების სამსახურის თანამშრომელმა გენადი მიქელაძემ „ბათუმელებს“. მან დაადასტურა, რომ საქმის კურსიშია იაკობაძეებისთვის კომპენსაციის შეწყვეტაზე.

 

თემურ იაკობაძისთვის ამ სააგენტოდან ნინო ქონიაძის მიერ ხელმწერილ დოკუმენტში კი შემდეგი წერია: გაცნობებთ, რომ 2014 წლის 1 ოქტომბრიდან თქვენ შეგიწყდათ კომპენსაცია  სამხედრო სამსახურიდა ცნობის წარმოუდგენლობის გამო. გთხოვთ, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოთ შესაბამისი ცნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიერ მიღებული თანხა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას“. წერილი დათაიხებულია 12 დეკემბრით.

 

დაღუპული ჯარისკაცის მშობლები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში მარტო ცხოვრობენ.

ზაზა იაკობაძე
ზაზა იაკობაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი