სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების სოფელ ატოცში აღარ ფიქსირდებიან.
“ბოლო ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ ფიქსირდებიან,”-უთხრეს ნეტგაზეთს სუს-ში.
სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის შესახებ ინფორმაცია დღეს, 19 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. უწყებაში თქვეს, რომ მომხდარზე გააქტიურებული იყო “ცხელი ხაზი” და ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.
“რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”.
ბორდერიზაციის საკითხზე კომენტარი შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც გააკეთა. მისი თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ესკალაციის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
რაც შეეხება ატოცში ჟურნალისტების არ შეშვების საკითხს, გომელაურის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება “მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით” მიიღეს.
“ერთი თვის წინ ე.წ ადმინისტრაციულ ხაზზე დააყენეს რკინის ბოძები, ხოლო დღეს ცხაურის ე.წ სეტკის გაკვრა დაიწყეს. ვითარება კონტროლს ექვემდებარება… უბრალოდ ხალხისა და ჟურნალისტების დაშვება ისევ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ხდება. დღევანდელი ვითარებაზე უსაფრთხოების სამსახური საქმის კურსში ჩავაყენეთ, მათ კი ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდეს. საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ბორდერიზაციის პროცესი გააგრძელეს… ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არ არსებობს,”-აცხადებს გომელაური.