ახალი ამბები

სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავის ფოლადის” სასარგებლოდ პრემიერის განცხადების კვალზე

7 აპრილი, 2015 •
სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავის ფოლადის” სასარგებლოდ პრემიერის განცხადების კვალზე

სააპელაციო სასამართლოს მიერ 6 აპრილს გამოტანილი განაჩენის შედეგად “რუსთავის ფოლადი” საქმიანობას განაახლებს. 

 

იქონია თუ არა გავლენა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ “რუსთავის ფოლადზე” გაკეთებულმა განცხადებამ სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე?  

 

2015 წლის 3 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლში ბიზნესმენებთან შეხვედრისას მეტალურგიული ქარხნის დახურვა დივერსიულ გადაწყვეტილებად შეაფასა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ამ საქმით აუცილებლად დაინტერესდებოდა. მისივე განცხადებით, მოსამართლემ, რომელმაც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღების “დივერსიული გადაწყვეტილება” მიიღო, ეს აუცილებლად უნდა განმარტოს. 

 

“ჩვენთვის არის აღმაშფოთებელი, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა არის დღეს დაყადაღებული. დაახლოებით 4 500 ლარის დავალიანების გამო 120 მილიონი დოლარის ღირებულების საწარმო არის დაყადაღებული.  ეს არის კატასტროფა, ეს არის პირდაპირ დივერსია. ამ საწარმოში არის დასაქმებული 2 500 ადგილობრივი მოსახლე და მე მინდა მივმართო იმ ადამიანს, ვინც ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი, მე ვიტყოდი, დივერსიული გადაწყვეტილება მიიღო. მას მოუწევს პასუხი აგოს როგორც მინიმუმ 2 500 კაცის ოჯახის წინაშე. მე იმედი მაქვს, რომ სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაინტერესდება ამ საქმით იმიტომ, რომ მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა წარდგეს, პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე და განმარტოს, თუ რატომ ახდენს ასეთ დივერსიულ გადაწყვეტილებებს,”– განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერ–მინისტრის აღნიშნულ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გამოეხმაურა და მას მოუწოდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემისკენ. პრემიერ–მინისტრის საპასუხოდ განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე “სასამართლო ხელისუფლების თუნდაც ზემდგომი ინსტანციის ხელმძღვანელთა მიერ გამოთქმული მოსაზრება, ისევე, როგორც სხვა სახელისუფლებო პოზიციიდან გაკეთებული განცხადება, შესაძლებელია შეიცავდეს სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხეს”.

 

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 2015 წლის 24 თებერვალს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაჩერდა. 24 თებერვალს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, ეთერ მთვრალაშვილის (“ქართული ფოლადის” კრედიტორი) მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც კომპანიისგან 4,553 ლარი და 48 თეთრი  ჰქონდა მისაღები, კომპანიის უძრავ-მოძრავი ქონების გამოყენება აკრძალა.  მაშინ კომპანიის მენეჯმენტმა განმარტა, რომ  მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა აკრძალა „რუსთავის ფოლადის“ ათეულობით მილიონის ღირებულების უძრავ–მოძრავი ქონების გამოყენება. მათ შორის, წიდასაყარი, რომელზე წვდომის გარეშეც მეტალურგიული ქარხნის მუშაობა უკიდურესად იზღუდება. 

 

საქალაქო სასამართლოს წინაშე “რუსთავის ფოლადმა” დააყენა შუამდგომლობა, რომელიც ითვალისწინებდა მოთხოვნილი საკრედიტო ვალდებულებების (ოთხი ათას ხუთას ორმოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) მოცულობის თანხის სასამართლოს ანგარიშზე დეპონირებას ქარხნის მუშაობისთვის აუცილებელ აქტივებზე შეზღუდვების ნაცვლად. ამით ეთერ მთვრალაშვილის იურიდიული ინტერესი სრულად იქნებოდა უზრუნველყოფილი. თუმცა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. 

 

“რუსთავის ფოლადმა” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ქართული ფოლადის“, „რუსთავის ფოლადის“ და შპს „რუსთავის ინდუსტრიული ჯგუფის“ სააპელაციო საჩივრების განხილვა დაასრულა. სააპელაციო საჩივრები ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა ეთერ მთვრალაშვილის სარჩელი.

 

სააპელაციო სასამართლოს ცნობით, საქმის განხილვისას აპელანტმა მხარემ წარმოადგინა ახალი მტკიცებულება და მიუთითა ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, რამაც განსაზღვრა საქმის საბოლოო შედეგი. 

“ახალი მტკიცებულებით დადგინდა, რომ სააპელაციო სასამართლოში დავის მიმდინარეობისას, 2015 წლის 17 მარტს, შპს „რუსთავის ფოლადის“ მიერ ნოტარიუსთან დეპონირების გზით შესრულებული იქნა მოსარჩელე ეთერ მთვრალაშვილის მიმართ სს „ქართული ფოლადის“ ვალდებულება. 

სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის მე-2 ნაწილით თანხის დეპონირების შემთხვევაში მოვალე თავისუფლდება ვალდებულებისგან. შესაბამისად, სს „ქართულ ფოლადს“ ეთერ მთვრალაშვილის მიმართ 2015 წლის 17 მარტიდან სადავო ვალდებულება აღარ გააჩნია”, – ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გარიგებების კანონიერების და ქონების სს „ქართული ფოლადის“ საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნის მიმართ 2015 წლის 17 მარტიდან აღარ არსებობს ეთერ მთვრალაშვილის იურიდიული ინტერესი, რის გამოც მისი სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, გაუქმდა საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ეთერ მთვრალაშვილის სასარგებლოდ სს „ქართულ ფოლადს“ შპს „რუსთავის ფოლადს“ და შპს „რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფს“ დაეკისრა 3050 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების სახით.

 

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას 2005 წლიდან ფლობდა კომპანია “ქართული ფოლადი” და ჯოზეფ ქეი. „ქართული ფოლადის“ მტკიცებით, 2011 წლის 6 ივლისს მათ საწარმო უკანონოდ დაატოვებინეს. ხოლო ქარხანა და თავად საწარმოს აქტივები ხელოვნური გაკოტრებისა და უკანონო გარიგებებით გადაეცა შპს “რუსთავის ფოლადს”, რომლის მეპატრონე ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძეა.

 

სასამართლო დავა მხარეებს შორის 2013 წლის აპრილიდან მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი