ახალი ამბებიეკონომიკა

ქობულია: პოლიტიკაში არ ვყოფილვარ, მთავრობაში უფრო ტექნოკრატიული პოზიცია მქონდა

18 ოქტომბერი, 2019 • 3925
ქობულია: პოლიტიკაში არ ვყოფილვარ, მთავრობაში უფრო ტექნოკრატიული პოზიცია მქონდა

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, პოლიტიკაში დღემდე არ ყოფილა და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, პოლიტიკური პოზიცია ჰქონდა, ეს უფრო ტექნოკრატული თანამდებობა იყო.

ქობულია ტელეკომპანია “პირველთან” ამბობს, რომ “კარიერული პოლიტიკოსი” არაა, თუმცა პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს:

“მე მაქვს ასეთი აზრი ძირითადად იმიტომ, რომ მე არ ვარ კარიერული პოლიტიკოსი. მე არ ვაპირებდი პოლიტიკაში შემოსვლას და არც ვყოფილვარ პოლიტიკაში დღემდე.  მე პოლიტიკური თანამდებობა მქონდა მთავრობაში, მაგრამ უფრო ტექნოკრატუილი პოზიცია იყო. მაგრამ მე დავინახე ძალიან დიდი პოტენციალი ჩვენი ქვეყნისთვის…  ის ბევრი რამ, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ჩვენ თუ შევძელით ამის გამოსწორება, ეს იქნება ძალიან დიდი ბიძგი საქართვლეოს პოტენციალის განვითარებისთვის და ჩვენ ეს გვჭირდება.

მე ვეთანხმები ხელისუფლების პოზიციასაც, რომ ჩვენ ვართ ლიდერი რეგიონში. არ შეძლება ვთქვათ, რომ საერთოდ ჩავარდნილები ვართ, მაგრამ ხალხს მაინც ძალიან უჭირს. ჩვენ გვჭირდება მეტი ტემპები და მე დავინახე, რომ ეს შესაძლებელია. ამიტომ მე მაქვს აზრი, დავეხმარო ქვეყანას, მაგრამ ამავე დროს არის ორი მნიშვნელოვანი რამ: დავინახო, რომ შეიკრიბა თანამოაზრეების გუნდი, რომლებსაც აქვთ შანსი და ასევე, რომ რასაც მე ვლაპარაკობ, ასეთ პოლიტიკოსზე საზოგადოებაში იქნება მოთხოვნა”, – ამბობს გიორგი ქობულია ტელეკომპანია “პირველთან” და დასძენს, რომ გადაწყვეტილებას, ჩაერთვება თუ არა პოლიტიკურ პროცესებში, ახალო მომავალში მიიღებს.

გიორგი ქობულია 2018-2019 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. ის თანამდებობიდან ასევე უკვე ყოფილმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მოხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი