ჟურნალისტთა გუნდი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ონლაინ-გამოცემა “ლიბერალი” დატოვა, ახალ მედიაპლატფორმას ქმნის.
როგორც ახალი ონლაინ-გამოცემის მთავარი რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, “პუბლიკა” საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის გამოცემა იქნება და სხვადასხვა ფორმატში აქტუალურ თემებს გააშუქებს:
“ეს იქნება საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის გამოცემა. ვიმუშავებთ ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ადამიანის უფლებებზე, სოციალური საკითხებსა და სხვადასხვა აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე სხვადასხვა ფორმატში, რაც ციფრული მედიისთვის არის დღეს აქტუალური.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მთავარი ღირებულებები, რაც გვქონდა ყოველთვის, რომ დაბალანსებული, მიუკერძოებელი, აქტუალური და კრიტიკული კონტენტი შევქმნათ, რომელიც საზოგადოებას ძალიან სჭირდება”, – ამბობს “პუბლიკის” მთავარი რედაქტორი “ნეტგაზეთთან”.
ახალი გამოცემა 8 ჟურნალისტმა დააფუძნა. ლიბერალის ყოფილი რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი ორგანიზაციის დირექტორი იქნება, ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი- ახალი ამბების რედაქტორი, ხოლო თათია ხალიანი – ვებგვერდის რედაქტორად იმუშავებს.
რაც შეეხება ვებგვერდს, გამოცემის მთავარი რედაქტორის თქმით, სატესტო რეჟიმში “პუბლიკის” საიტი ერთ კვირაში ჩაეშვება. ამჟამად უკვე არსებობს ფეისბუკზე გამოცემის ოფიციალური გვერდი.
“ლიბერალის” რედაქტორებმა და 6-მა ჟურნალისტმა გამოცემა მიმდინარე წლის ივნისში დატოვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ მფლობელის მიერ ახალი სარედაქციო ხედვის დაანონსების შემდეგ გამოცემას ტოვებენ.
გუნდის თანახმად, მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა, შორენა შავერდაშვილმა, წინადადებაზე, მათთვის გადაეცა ან მიეყიდა 100%-იანი წილი, უარი განაცხადა და თქვა, რომ „არ მოსწონს „ლიბერალის“ პოზიციონირება“, დაუანონსა საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება.
„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ: „მფლობელს ახალი სარედაქციო ხედვა ჰქონდა“