ახალი ამბები

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ: „მფლობელს ახალი სარედაქციო ხედვა ჰქონდა“

23 ივნისი, 2019 • 1504
„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ: „მფლობელს ახალი სარედაქციო ხედვა ჰქონდა“

„ლიბერალის“ სამი რედაქტორი და ყველა ჟურნალისტი აცხადებს, რომ მფლობელის მიერ ახალი სარედაქციო ხედვის დაანონსების შემდეგ გამოცემას ტოვებენ.

გუნდის თანახმად, მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა, შორენა შავერდაშვილმა, წინადადებაზე, მათთვის გადაეცა ან მიეყიდა 100%-იანი წილი, უარი განაცხადა და თქვა, რომ „არ მოსწონს „ლიბერალის“ პოზიციონირება“, დაუანონსა საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება.

„ლიბერალის“ გუნდი წერს, რომ მიაჩნიათ, დაანონსებული ცვლილებების გათვალისწინებით, რედაქციაში მათი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა; ისინი წერენ, რომ თავიანთ მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელი მედიის სამსახურში ხედავენ.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა გამოცემის მფლობელს, შორენა შავერდაშვილს, პასუხის მოსასმენად, რომელმაც მოგვწერა: „ჯერჯერობით არ ვაკეთებ საჯარო განცხადებებს. პრინციპში, ამ ეტაპისთვის ამ განცხადებაში ყველაფერი ნათელია“.

23 ივნისს გავრცელებული განცხადების თანახმად, მფლობელსა და გენერალურ დირექტორს, ივნისის დასაწყისში გაუგზავნეს განცხადება, რომლითაც შეატყობინეს, რომ 30 კალენდარული დღის შემდეგ წავიდოდნენ რედაქციიდან, თუმცა მფლობელის მოთხოვნით, 24 ივნისსვე ტოვებენ რედაქციას.


ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ „ლიბერალის“ ჟურანლისტების განცხადებას:

„მოკლედ მიზეზებზე:

ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც 2013 წლიდან ვმუშაობდით „ლიბერალში“ და წარვმართავდით მის სარედაქციო საქმიანობას.

ჩვენ ვაკეთებდით საქმეს, რომლისაც მთელი არსებით გვჯეროდა და ვემსახურებოდით დამოუკიდებელ, ეთიკურ, კვალიფიციურ ჟურნალისტიკას.

არ გვსურდა, რომ მომავალში „ლიბერალის“ მდგრადი განვითარება კითხვის ქვეშ დამდგარიყო და გვინდოდა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მისი განვითარების გარანტორები, რადგან კარგად ვაცნობიერებთ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობასა და როლს.

ამ გარემოების გათვალისწინებით შორენა შავერდაშვილს „ლიბერალის“ გუნდის სახელით მივმართეთ წინადადებით, შეექმნა პრეცედენტი და „ლიბერალი“ გადმოეცა ან მოეყიდა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის (ჩვენთვის მისაღებ ფასად).

ჩვენს წინადადებაზე მფლობელმა უარი გვითხრა და პასუხად განგვიცხადა, რომ მას არ მოსწონს „ლიბერალის“ პოზიციონირება, დაგვიანონსა საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება.

რადგან ჩვენთვის ისედაც ცნობილია კომპანიის მფლობელისა და ჩვენს სარედაქციო და მენეჯმენტთან დაკავშირებულ ხედვებს შორის არსებული განსხვავების შესახებ, მიგვაჩნია, რომ მის მიერ შემოთავაზებული/დაანონსებული ცვლილებების გათვალისწინებით, „ლიბერალში“ ჩვენი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა.

დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს, დონორებს და, რა თქმა უნდა, მკითხველს წლების განმავლობაში თანამშრომლობის, ერთგულებისა და ნდობისთვის.

დაბოლოს, რადგან ჩვენს მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელი მედიის სამსახურში ვხედავთ, რადგან დაგვიგროვდა უნიკალური გამოცდილება, სულ მალე ერთმანეთს ისევ მედიასივრცეში, ოღონდ ახალ პლატფორმაზე შევხვდებით“.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ზურა ვარდიაშვილი
  2. ლიკა ზაკაშვილი
  3. დათო გამისონია
  4. თათია ხალიანი
  5. ნათია ამირანაშვილი
  6. სალომე გორგოძე
  7. ქრისტინე მუჯირი
  8. ალექსანდრე ქეშელაშვილი
  9. ბასტი მგალობლიშვილი
  10. ნინო კალატოზიშვილი
  11. ნათია ორმოცაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი