გამოცემა „ლიბერალის“ მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა შორენა შავერდაშვილმა „ნეტგაზეთს“ მისწერა, რომ ჯერჯერობით არ აკეთებს საჯარო განცხადებას გამოცემის რედაქტორებისა და ჟურანლისტების გადაწყვეტილებაზე, დატოვონ რედაქცია. ისინი ამის მიზეზად სარედაქციო ხედვის დაანონსებულ ცვლილებას ასახელებენ.
„ჯერჯერობით არ ვაკეთებ საჯარო განცხადებებს. პრინციპში, ამ ეტაპისთვის ამ განცხადებაში ყველაფერი ნათელია“, — მისწერა შორენა შავერდაშვილმა „ნეტგაზეთს“.
მოგვიანებით შავერდაშვილმა ფეისბუკზე დაპოსტა, რომ „ლიბერალი“ და მის მფლობელობაში არსებული მედიაგამოცემები „ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სხვადასხვა ტიპის კონიუნქტურული გავლენებისგან“.
მან ასევე დაწერა, რომ „ლიბერალი“ 10 წლის წინ მედიაბაზარზე სწორედ ასე პოზიციონირებდა და „სწორედ ამ პოზიციონირების შენარჩუნება“ უნდა, – წერს შავერდაშვილი.
მისი თქმით, ამ პრინციპეპზე დაყრდნობით აგრძელებს „ლიბერალის“ გამოცემას და ახალი გუნდის ფორმირებას. „ვეცდებით, „ლიბერალს“ ჰქონდეს უფრო ფართო თემატური მრავალფეროვნება, ჰყავდეს უფრო მეტი ახალი და საინტერესო ავტორი და ბლოგერი, ჰქონდეს უფრო მეტი ანალიტიკური სტატია და რეპორტაჟი და მოვლენების უფრო სიღრმისეული ხედვა“, — დაწერა შავერადშვილმა.
ლიბერალის სამმა რედაქტორმა და ყველა — რვა — ჟურნალისტმა 23 ივნისს განაცხადა, რომ გამოცემის მფლობელის მიერ ახალი სარედაქციო ხედვის დაანონსების შემდეგ გამოცემას ტოვებენ.
გუნდის თანახმად, მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა, შორენა შავერდაშვილმა, წინადადებაზე, მათთვის გადაეცა ან მიეყიდა 100%-იანი წილი, უარი განაცხადა და თქვა, რომ „არ მოსწონს „ლიბერალის“ პოზიციონირება“, დაუანონსა საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება.
„ლიბერალის“ გუნდი წერს, რომ მიაჩნიათ, დაანონსებული ცვლილებების გათვალისწინებით, რედაქციაში მათი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა; ისინი წერენ, რომ თავიანთ მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელი მედიის სამსახურში ხედავენ.
შენიშვნა: მასალა განახლებულია შორენა შავერდაშვილის ფეისბუკის პოსტის შემდეგ
„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ: „მფლობელს ახალი სარედაქციო ხედვა ჰქონდა“