ახალი ამბებისამართალი

უპასუხო კითხვები პროკურატურის უცხოელი ექსპერტების დასკვნაზე

18 ოქტომბერი, 2019 •
უპასუხო კითხვები პროკურატურის უცხოელი ექსპერტების დასკვნაზე

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურამ უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა გაასაჯაროა.

როგორც პროკურატურის უცხოელი მრჩევლები თავიანთ წერილში აღნიშნავენ, ისინი ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალებით. ამასთანავე, არ გააჩნიათ ექსპერტული ცოდნა ქართული კანონმდებლობის პრაქტიკაში გამოყენებაზე.

წერილში საერთაშორისო ექსპერტები – პოლ კოფი და მოშე ლადორი – აღნიშნავენ, რომ “მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა  ხაზარაძისა და ბადრი  ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა”.

აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ დაცვის მხარეს რამდენიმე კითხვა გაუჩნდა, რომელზე პასუხების მიღებასაც “ნეტგაზეთი” პროკურატურისგან შეეცადა.

რა ენაზე გაეგზავნათ საქმის მასალები უცხოელ ექსპერტებს?

კითხვაზე იმის შესახებ, თუ რა ენაზე გაეგზავნათ საქმის მასალები (დოკუმენტები, ჩვენებები, ფარული მოსმენების ტრანსკრიპტები) უცხოელ ექსპერტებს, პროკურატურაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ (პასუხის გაცემა ხდება 10 სამუშაო დღის ვადაში). თავად ექსპერტები პროკურატურის მიერ გავრცელებულ წერილში აცხადებენ, რომ ისინი პირადად შეხვდნენ პროკურატურის თანამშრომლებს თბილისში.

“გარდა ამისა, გვქონდა დისტანციური საუბრებიც. ჩვენი ანგარიში, რომელიც თან ერთვის წინამდებარე წერილს, სრულად ეყრდნობა თქვენ მიერ მოწოდებულ მასალებს და ჩვენს განხილვებს”, – ნათქვამია ექსპერტების წერილში.

მამუკა ხაზარაძის თანაგუნდელი, იურისტი კახა კოჟორიძე კი აცხადებს, რომ საქმის მასალებში არ მოიძებნება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ TBC ბანკის საქმეზე მასალების ინგლისურ ენაზე თარგმნა მოხდა:

“მარტივად რომ გითხრათ, უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებმაც ეს დასკვნა დაწერეს, არ იციან ქართული ენა. მასალები ინგლისურად ნათარგმნი არ იყო, როცა მათ დასკვნა დაწერეს. ალბათ, ყველას გაუჩნდა კითხვა, რანაირად დაწერეს დასკვნა მასალების წაკითხვის გარეშე?! ქართული არ იციან, ქართულ მასალებზე ინგლისური დასკვნა დაწერეს – რანაირად? მე ვესწრებოდი იმ პირველ პროცესს და ეს კითხვა ყველას გაგვიჩნდა და პასუხიც არავინ იცის”, – ამბობს კოჟორიძე “ნეტგაზეთთან”.

რას ამბობს ქართული კანონმდებლობა მსგავს დასკვნებზე

აღნიშნულ დასკვნაში უცხოელი ექსპერტები თავად აცხადებენ, რომ ქართული საპროცესო კოდექსის და მისი პრაქტიკაში გამოყენების ექსპერტები არ არიან.

“აღნიშნული ანგარიშის მიზანი არ არის, სრულად მიმოიხილოს ამ ან მასთან დაკავშირებული საქმეების ფაქტობრივი გარემოებები.  ანგარიშის ავტორები ასევე  არ აცხადებენ, რომ ისინი არიან ქართული საპროცესო სამართლისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების ექსპერტები”, – წერია ექსპერტების მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში.

კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც საქმის წარმოების წესს განსაზღვრავს, არ ითვალისწინებს ექსპერტების მიერ სამართლებრივ საკითხებზე დასკვნის დაწერის შესაძლებლობას.

კოჟორიძის თქმით, ქართული კანონმდებლობით დასკვნა იწერება ფაქტებზე, რადგან სამართლებრივ შეფასებას მოსამართლე აკეთებს. ამასთან, კოჟორიძე ხაზს უსვამს, რომ დასკვნაში ავტორები აღნიშნავენ, რომ ისინი საქართველოს კანონმდებლობას სათანადოდ არ იცნობენ, რაც მისი შეფასებით, დასკვნის ლეგიტიმაციას კიდევ უფრო აკნინებს:

“დასკვნა წერია სამართლებრივ საკითხებზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც საქმის წარმოების წესს განსაზღვრავს, არ ითვალისწინებს ექსპერტების მიერ სამართლებრივ საკითხებზე დასკვნის დაწერის შესაძლებლობას. დასკვნა იწერება ფაქტებზე, მაგალითდ, ანაბეჭდები, შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ფაქტებზე, მაგრამ სამართლებრივ საკითხზე დასკვნა არ იწერება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამართლებრივ შეფასებას აკეთებს მოსამართლე.

ამ ადამიანებს კი დასკვნა უწერიათ სამართლებრივ საკითხებზე და თან თავიდანვე უწერიათ მათსავე დასკვნაში, რომ საქართველოს კანონმდებლობას სათანადოდ არ იცნობენ. უკაცრავად, მაგრამ თუ კანონმდებლობას სათანადოდ არ იცნობ, თუ ქართული ენა არ იცი, თუ მასალები არ წაგიკითხავს, რანაირად წერ დასკვნას სამართლებრივ საკითხებზე, ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი”, – ამბობს კოჟორიძე “ნეტგაზეთთან”.

რამდენად სანდოა დასკვნაში გამოთქმული მოსაზრებები

ხაზარაძის თანაგუნდელი ეჭვს გამოთქვამს, რომ აღნიშნული დასკვნის მომზადებაში პროკურატურამ ფული გადაიხადა და, შესაბამისად, მის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს:

“ეს პატივცემული ექსპერტები აღმოჩნდა, რომ არიან პროკურატურის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები, რომლებსაც ფულს უხდის პროკურატურა, ხოლო ამ პროკურატურას ფულს უხდის საქართველოს მოსახლეობა იმისათვის, რომ ასეთი საქმეები შეიკეროს. ამასთან, დაცვის მხარეს, მე ვფიქრობ, არ ექნებოდა რაიმე პრობლემა, რომ რომელიმე ობიექტურ მხარეს ეს შეესწავლა, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი მხარის მიერ დაქირავებული ექსპერტების მიერ დადებული დასკვნა იმთავითვე კითხვის ნიშნებს აჩენს”, – აღნიშნავს იურისტი.

“ნეტგაზეთმა” პროკურატურას აღნიშნულ საკითხზეც დაუსვა კითხვა, თუმცა უწყებაში ამჯერადაც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფორმით მიმართვა შემოგვთავაზეს.

ვინ არიან დასკვნის ავტორები 

ერთადერთი ინფორმაცია, რაც “ნეტგაზეთს” პროკურატურიდან პრესსამსახურის მეშვეობით მიაწოდეს, დასკვნაზე მომუშავე ექსპერტების ვინაობა და ბიოგრაფიული ცნობები იყო, თუმცა უწყებას მივმართეთ კითხვით იმის შესახებ, თუ რა ნიშნით შეირჩნენ ეს პირები დასკვნის მოსამზადებლად, რადგან მათი ვინაობა პროკურატურამ მათ მიერვე გავრცელებულ განცხადებაში გაასაჯაროა.

უწყების მიერ გამოგზავნილი ინფორმაციით, დასკვნაზე მუშაობდნენ:

  • მოშე ლადორი – ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე,  ზედამხედველობდა ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ეჰუდ ოლმერტისა და ხელისუფლების რამდენიმე სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების ბრალდებას. მანამდე იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი.
  • პოლ კოფეი – ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი. საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დაინიშნა მართლმსაჯულების სისტემის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირად კოსოვოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიაში (UNMIK). იყო ჩართული კოსოვოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში და პასუხს აგებდა კოსოვოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიის მიერ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმეების ზედამხედველობასა და ბრალდებებზე (მათ შორის ომის დანაშაული).

ამავე თემაზე

უცხოელი მრჩევლები მხოლოდ პროკურატურაზე დაყრდნობით ასკვნიან, რომ ხაზარაძემ თაღლითობა ჩაიდინა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი