ახალი ამბები

უცხოელი მრჩევლები მხოლოდ პროკურატურაზე დაყრდნობით ასკვნიან, რომ ხაზარაძემ თაღლითობა ჩაიდინა

16 ოქტომბერი, 2019 •
უცხოელი მრჩევლები მხოლოდ პროკურატურაზე დაყრდნობით ასკვნიან, რომ ხაზარაძემ თაღლითობა ჩაიდინა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა  ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დაასრულა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები – პოლ კოფი და მოშე ლადორი – აღნიშნავენ, რომ “მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა  ხაზარაძისა და ბადრი  ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა”.

როგორც პროკურატურის უცხოელი მრჩევლები თავიანთ წერილში აღნიშნავენ, ისინი ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალებით. ამასთანავე, არ გააჩნიათ ექსპერტული ცოდნა ქართული კანონმდებლობის პრაქტიკაში გამოყენებაზე:

“ჩვენი ანგარიში, რომელიც თან ერთვის წინამდებარე წერილს, სრულად ეყრდნობა თქვენ მიერ მოწოდებულ მასალებს და ჩვენს განხილვებს. აღნიშნული ანგარიშის მიზანი არ არის, სრულად მიმოიხილოს ამ ან მასთან დაკავშირებული საქმეების ფაქტობრივი გარემოებები.  ანგარიშის ავტორები ასევე  არ აცხადებენ, რომ ისინი არიან ქართული საპროცესო სამართლისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების ექსპერტები”, – წერია ექსპერტების მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პროკურატურის მრჩევლებმა დაასკვნეს, რომ მათთვის მიწოდებული მასალებიდან “აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას და მისი პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა. მტკიცებულებები ცხადყოფს მრავალ დარღვევას, მათ შორის იმ ფაქტს, რომ “თიბისი ბანკისგან” თანხების მიღების შემდეგ, შპს “სამგორი M-მა” და შპს “სამგორი თრეიდმა” აღნიშნული თანხები უმოკლეს ვადებში გადაურიცხეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ სს “თიბისი ბანკში”.

პროკურსტურის დაქირავებული მრჩევლები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ შესაძლოა, ჯაფარიძე-ხაზარაძის ქმედებები ცალკე აღებულად უკანონო არ იყოს, თუმცა მათთვის სხვა სურათს იძლევა პროცესის ერთიანობაში აღქმა:

“გამოძიების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების ცალ-ცალკე განხილვით, შესაძლოა, არ დადგინდეს 2007 და 2008 წლებში გაცემულ სესხებთან დაკავშირებით უკანონო ქმედებების არსებობა, მხოლოდ საბანკო სამართლის ტექნიკური დარღვევა. თუმცა ფაქტები ცალკეულად არ არსებობს. მხოლოდ ჩვენთვის მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით მივიჩნევთ, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს, რომლებიც ცხადყოფს საჭირო პრედიკატი დანაშაულის – თაღლითობის არსებობას”.

მამუკა ხაზარაძე დღესვე გამოეხმაურა პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მათივე მრჩევლების დასკვნის შესახებ და უწყებას “არაკომპეტენტური” უწოდა.

“საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ საქმე არის სასამართლოში და მობრძანდით სასამართლოში და იქ გავაგრძელებთ”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს როგორც მის წინააღმდეგ შურისძიებას, ისე – ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი