ახალი ამბები

ბორის ჯონსონის თქმით, ევროკავშირთან ბრექსიტზე შეთანხმებას მიაღწია

17 ოქტომბერი, 2019 •
ბორის ჯონსონის თქმით, ევროკავშირთან ბრექსიტზე შეთანხმებას მიაღწია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ევროკავშირიდან სამეფოს გამოსვლაზე შეთანხმება მიღწეულია.

“გვაქვს მაგარი, ახალი შეთანხმება, რომელიც [ჩვენს ქვეყანაზე] კონტროლს გვიბრუნებს“, – დაწერა ბორის ჯონსონმა ტვიტერზე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი უკვე მუშაობენ შეთანხმების ფორმალურად გაფორმებაზე, თუმცა მის ძალაში შესასვლელად ევროპარლამენტისა და სამეფოს პარლამენტის თანხმობა იქნება საჭირო.

თემთა პალატაში კონსერვატიული პარტიის (რომელსაც წარმოადგენს ბორის ჯონსონი) პარტნიორმა, “დემოკრატიულმა იუნიონისტურმა პარტიამ“ (The DUP) განაცხადა, რომ ვერ დაუჭერდა მხარს მიღწეულ შეთანხმებას. 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა კი განაცხადა, რომ ახალი შეთანხმება წინა პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის შეთანხმებაზე “უარესია და არ უნდა მიიღოს დეპუტატების მხარდაჭერა“.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხდებით, ეს “სამართლიანი და დაბალანსებული შეთანხმებაა“. მსგავს პოზიციას იზიარებს ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც. მანაც და ჯონსონმაც თავიანთ პარლამენტებს შეთანხმების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

თუმცა, როგორც BBC წერს, ჯონსონს შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას პარლამენტში, რადგან კონსერვატორთა რიგები ოცმა დეპუტატმა დატოვა. ასევე, შეთანხმებას მხარს არ უჭერს “დემოკრატიული იუნიონისტური პარტია“ (The DUP).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი