სააღდგომო ლიტურგია 4 აპრილს, ღამის 12-ის ნახევარზე დაიწყო და დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. სააღდგომო ლიტურგიაზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ, მაშინ, როცა საშობაო ლიტურგიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის მერი დავით ნარმანია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაესწრნენ.
სააღდგომო წირვას, რომელსაც ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აღავლენდა, პოლიტიკოსებიდან მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” 3 წევრი სერგო რატიანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და გიგი წერეთელი ესწრებოდნენ.
მილოცვის ტექსტი გაავრცელა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა:
“დღეს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი მაცხოვრის აღდგომის დღეს ზეიმობს. ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვისთვისაც 5 აპრილი იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულია. აღდგომა საყოველთაო განახლების, სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველაქრისტიანისათვის. ვუერთდები ჩვენი თანამემამულეების ამ დიდ სიხარულს, ვუსურვებ მათ მშვიდობასა და წინსვლა”,– ნათქვამია მილოცვაში.
მილოცვა გაავრცელა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმაც.