ახალი ამბები

პენსიის და ხელფასის ზრდა შეიძლება, საპარლამენტო არჩევნებით იყოს მოტივირებული – TI

17 ოქტომბერი, 2019 •
პენსიის და ხელფასის ზრდა შეიძლება, საპარლამენტო არჩევნებით იყოს მოტივირებული – TI

საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 2020 წელს 111 ადამიანით იზრდება, ადმინისტრაციული ხარჯები კი – 194 მლნ ლარით, საიდანაც 91 მლნ ლარი შრომის ანაზღაურების ხარჯია, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზსა და რეკომენდაციებში.

გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯის 76% სამ უწყებაზე მოდის: შინაგან საქმეთა სამინისტროზე (30 მლნ ლარი), ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე (20 მლნ ლარი) და თავდაცვის სამინისტროზე (20 მლნ ლარი). რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, შსს-ში – 1 000 ადამიანით იზრდება, ხოლო თავდაცვის სამინისტროში 1 250-ით მცირდება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” “საკმაოდ ოპტიმისტურად” აფასებს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიზანს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპის შესახებ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიზის ძირითადი მიგნებების თანახმად, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები ერთი მლრდ ლარით იზრდება, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა – 451 მლნ ლარი გაზრდილ სოციალურ ხარჯებზე მიემართება;

ბიუჯეტის პროექტით, 2020 წლიდან იზრდება სახელმწიფო პენსია (20-50 ლარით), საბავშვო ბაღების თანამშრომლების (100 ლარით), მასწავლებელთა (150 ლარით), პოლიციელების (125 ლარით), ექიმების ნაწილის (100 ლარით) და სხვა თანამშრომლების ხელფასები. ზოგ შემთხვევაში პენსიის და ხელფასის ზრდა 1 ივლისიდან ან 1 სექტემბრიდან არის გათვალისწინებული, რაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, შეიძლება 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით იყოს მოტივირებული.

“2019 წელთან შედარებით 482 მლნ ლარით მცირდება ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, რაც მდგრადი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის არასასურველია. იზრდება ბიუჯეტის როგორც ოფიციალური (მთლიანი სალდო), ასევე, ტრადიციული გაგებით დეფიციტი. უარყოფითი მთლიანი სალდო მშპ-ის 3.5% იქნება, ხოლო ტრადიციული დეფიციტი- მშპ-ის 4%; 2020 წელს საქართველოს მთავრობის ვალი 1 757 მლნ ლარით გაიზრდება, საიდანაც 856 მლნ ლარი საშინაო ვალი, ხოლო 901 მლნ ლარი საგარეო ვალი იქნება. 2020 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 22.7 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 46.8% იქნება. 2013 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 40%-ზე ნაკლები უნდა ყოფილიყო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება არ იზრდება, ისევ 754 მლნ ლარია გამოყოფილი. თუმცა მიმდინარე წლის ხარჯები აჩვენებს, რომ აღნიშნულ პროგრამას დაახლოებით 40 მლნ ლარის დამატება დასჭირდება”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დასკვნაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ზოგ შემთხვევებში ბიუჯეტის პროგრამების სათანადოდ შედგენა კვლავ პრობლემად რჩება. კერძოდ, მაღალხარჯიანი უწყებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლების მიმართულებით არსებული პროგრამები და ქვეპროგრამები.

“მიუხედავად იმისა, რომ განათლების დაბალი ხარისხი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, ზოგადი განათლების პროგრამის მიზანი განათლების ხარისხის ამაღლება არ არის და არც შესაბამისი ინდიკატორები ახლავს. ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები კვლავ დანართშია მოცემული და ბიუჯეტის შესახებ კანონის ტექსტს არ წარმოადგენს, რაც პროგრამული ბიუჯეტირებისადმი არასათანადო მიდგომის მაჩვენებელია. ნარჩუნდება დღეს არსებული მიდგომა, როცა საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი მიზანი გეგმების შესრულება და გამოყოფილი თანხების სრულად ათვისებაა”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეკომენდაციების თანახმად:

  • ვინაიდან 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი პროექტების განხორციელებისაგან, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ზრდა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატება. ასეთი ქმედებები აღიქმება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად, რამაც საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს;
  • გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის და შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო რეალისტურ მაჩვენებელზე დაგეგმოს;
  • ინფლაციის დონის მატების და ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურების ფონზე საბიუჯეტო პოლიტიკა მეტად უნდა იყოს თავსებადი გამკაცრებულ მონეტარული პოლიტიკასთან. მთავრობის ხარჯების, ბიუჯეტის დეფიციტის და გაზრდილი სახელმწიფო ვალის აღებას ნეგატიური გავლენა ექნება ლარის კურსზე და ინფლაციის დონეზე;
  • მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მის მიერ მიღებული სტრატეგიული დოკუმენტების მოთხოვნები და სახელმწიფო ვალის შემცირებაზე უნდა იფიქროს, ნაცვლად ვალის ზრდისა;
  • ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის ეფექტიანობის ასამაღლებლად გამკაცრებას საჭიროებს პროგრამული ბიუჯეტის სწორად შედგენის კონტროლი. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს შედეგების შეფასების ინდიკატორების სწორად შერჩევას;
  • ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც დანართშია მოცემული,  ბიუჯეტის შესახებ კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილი უნდა გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი