ახალი ამბები

Dark Web-ში ბავშვთა პორნოგრაფიის “ყველაზე დიდი საიტი” დაბლოკეს

17 ოქტომბერი, 2019 •
Dark Web-ში ბავშვთა პორნოგრაფიის “ყველაზე დიდი საიტი” დაბლოკეს

აშშ-ში ბრალი წარუდგინეს 23 წლის კორეელ კაცს, რომელიც, გამოძიების თქმით, Dark Web-ში ბავშთა პორნოგრაფიის “ყველაზე დიდი საიტის” მფლობელი და ადმინისტრატორი იყო, წერს NBC News.

საიტი “Welcome to Video“, რომელიც ამჟამად აღარ ფუნქციონირებს, შეიცავდა 200 000-ზე მეტ უნიკალურ ვიდეოს (მთლიანი მოცულობა დაახლოებით 8 ტერაბაიტს შეადგენს), სადაც ასახული იყო სექსუალური აქტები ბავშვებისა და ჩვილების მონაწილეობით. საიტზე აგრეთვე განხორციელდა 7 300-ზე მეტი ტრანზაქცია ბიტკოინით.

გამოძიების ინფორმაციით, საიტის ადმინისტრატორი და მფლობელი იყო ჯონგ ვუ სონი, სამხრეთ კორეის მოქალაქე, რომელიც სამშობლოში მსგავსი ბრალდების გამო იხდის სასჯელს. საიტი 2015 წლის ივნისიდან მუშაობდა, ხოლო 2018 წლის მარტისთვის აშშ-ის მთავრობის ძალისხმევით დაიბლოკა. ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

გარდა სონისა, დააპატიმრეს 100-ზე მეტი ეჭვმიტანილი სამხრეთ კორეაში, მოხდა ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება სხვა ქვეყნებშიც.

საიტი ფუნქციონირებდა Dark Web-ში, რომელზეც წვდომა მხოლოდ Tor-ის ბრაუზერით შეიძლება. ვიდეომასალის შეძენა საიტზე კრიპტოვალუტით იყო შესაძლებელი, საიტის წევრობა 0.03 ბიტკოინი ღირდა (300 აშშ დოლარი დღევანდელი გაცვლითი კურსით), ხოლო შესვლისას ეწერა თხოვნა “ნუ ატვირთავთ ზრდასრულთა პორნოგრაფიას.”

საიტის დაბლოკვა და ბრალდებულების პოვნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 2017 წლის სექტემბერში სონმა საიტის ოპერირებისას შეცდომა დაუშვა და მისი IP მისამართის პოვნა მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი