“ნამდვილად არ ვიცოდი ამ დაკრძალვასთან დაკავშირებით. რომ მცოდნოდა, ზოგადად, ალბათ, ვალდებულებაც იყო, არა მარტო თავდაცვის მინისტრი, მთავრობის წევრებიც რომ ყოფილიყვნენ,”- განაცხადა კახა კალაძემ “იმედის” ეთერში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ კი აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრს ეს საკითხი მეორე პლანზე არ უნდა გადაეწია.
“მინდია ჯანელიძე არის პატრიოტი ჯარისკაცი, განწყობილი ადამაინი. ასე რომ, მინდიას მიმართ რაღაც გარკვეული პოზიციის ჩამოყალიბებაც არის თემა, მე ასე მგონია, იმიტომ, რომ ასეთი ადამაინური საკითხები, მით უმეტეს, თავდაცვის მინისტრის მხრიდან, არ უნდა იყოს მეორე პლანზე გადაწეული. მინდია არ არის ის ადამიანი, რომელიც ასე აკეთებს,”- განაცხადა ვოლსკიმ “იმედის” ეთერში.
გუშინ თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ 2 აპრილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული 42 ჯარისკაცის ფრაგმენტების დაკრძალვას დატვირთული დღის გამო ვერ დაესწრო. კერძოდ, მინისტრის თქმით, ის თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალზე იმყოფებოდა, რომელსაც საქართველო მასპინძლობდა.
“მთელი დღე იყო დატვირთული, ჩვენ გავთავისუფლდით დაახლოებით საღამოს 9 საათზე. გენშტაბის უფროსი და მინისტრის პირველი მოადგილე ჩართული იყო ამ სამიტის მუშაობაში უშუალოდ. შესაბამისად, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე, გენშტაბის უფროსის 2 მოადგილე,”- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში.
დაკრძალვის ცერემონიალს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ეროვნილი უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი დაესწრნენ.