ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს მთავრობას მიმართავს და აცხადებს, რომ იმისათვის, რათა პროექტი არ ჩავარდეს, მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს.
ხაზარაძე აღნიშნავს, რომ კონსორციუმისთვის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა და გადავადება არ მომხდარა, რადგან ვადა ისედაც 31 დეკემბრამდე იყო გაგრძელებული:
“ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით ვადების გაგრძელებაზე. ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რამეთუ ვადა უკვე გაგრძელებული იყო 31 დეკემბრამდე და არანაირი ახალი ვადის გაგრძელება არ ყოფილა. ეს არის მოსახლეობის და ანაკლიის იმ გულშემატკივრების შეცდომაში შეყვანა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება, მისი უწყებები ასე ინტენსიურად აკეთებენ.
15 ოქტომბერი იყო ვადა ინვესტორების წარდგენის. ეს ნარატივი, რომ სახელმწიფო კიდევ ერთხელ აგრძელებს ვადას, არის იმ სცენარის კიდევ ერთხელ გამეორება რომელსაც ისინი პერიოდულად მიმართავენ, რომ თითქოს ჩვენ ინვესტიცია ვერ მოვიტანეთ და სახელმწიფო აქედან გამომდინარე ვადას აგრძელებს, არ შეესაბამება სიმართლეს”, – ამბობს ხაზარაძე.
მისი თქმით, იმისათვის, რომ პროექტი არ ჩავარდეს, მთავრობამ უნდა მიმართოს კომპანიებს და დაარწმუნონ, რომ მათ ინვესტიციას საქართველოში მიესალმებიან:
“მე მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო და მოვუწოდო ხელისუფლებას – ანაკლია, როგორც მას ვუწოდებთ, საუკუნის პროექტი, ჩვენი ეროვნული ინტერესების პროექტი თუ გვინდა, რომ გამოვიდეს, მე მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, გადავდოთ ყველამ კიდევ ერთხელ გვერდზე ნებისმიერი ამბიცია და გამოსავალი აქედან არის ერთადერთი. მან უნდა აღიაროს, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო არის გაუარესებული, 54 პროცენტი არის ვარდნა წელს საგარეო ინვესტიციებისა ჩვენს ქვეყანაში.
შესაბამისად, დასკვნა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და მთავრობამ, რომ მას საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები არ და ვერ ენდობიან. ერთადერთი გამოსავალია, რომ მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანმა აიღოს მანდატი, მთავრობის კაბინეტიდან დაიწეროს სერიოზული წერილი, ჩაჯდეს თვითმფრინავში, გადაფრინდეს ლონდონში იმ კომპანიასთან, რომელიც ჩვენ შემოვიყვანეთ. გადაფრინდეს ნიუ იორკში მეორე კომპანიასთან, რომელიც ასევე ჩვენ შემოვიყვანეთ და ვერ აღირსეს ვერანაირი წერილი, რომ მათ მიესალმებიან საქართველოში, შეხვდეს მათ ხელმძღვანელობას. ამის ორგანიზებას ჩვენ მოვახდენთ.
გაიაროს ჰოლანდიაში და გერმანიაში ორ ინვესტორ ბანკთან, რომელიც მზად იყო,ჯერ კიდევ იანვარში ფული ჩაედო ანაკლიაში და იანვარშივე დაგვეხურა ფინანსურად ეს პროექტი. გადასცეს ოფიციალურად მთავრობის ეს წერილი, დაარწმუნონ ისინი, რომ სახელმწიფო მზად არის და ელოდება მათ ანაკლიაში ინვესტიციის განსახორციელებლად”, – ამბობს ხაზარაძე.
მისი თქმით, ეს იქნება ზუსტი და მკაფიო გამოხატულება მთავრობის პოზიციის და ერთადერთი გზაა პროექტის გადასარჩენად:
“ნებისმიერი სხვა განცხადება სხვადასხვა ტრიბუნიდან, რომ ისინი მხარს უჭერენ ანაკლიას და ამავე დროს საბოტაჟს უწყობენ მას, იქნება მოღებული როგორც მორიგი ცრუ დაპირება და მიზეზის ძებნა. კომპანიამ ჩამოიყვანა და მზადყოფნაში ჰყავს რამდენიმე საერთაშორისო დონის ინვესტორი, რომელიც მზადაა განახორციელოს და დაასრულოს ანაკლიის პროექტი”, – ამბობს ხაზარაძე.