ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებში სუბრისას ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპს მეორე ვადით აირჩევენ, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს (NATO) ბოლო მოეღება.
“რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურს NATO-ს დაშლა, და ტრამპი ზუსტად რომ მას ეხმარება, როცა ამბობს, რომ არ სჯერა რუსეთის ჩარევის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დაზვერვა საპირისპიროს ამტკიცებს. გვყავს არასტაბილური, გიჟი პრეზიდენტი, რომელსაც არაფერი გაეგება საგარეო პოლიტიკაში და მოქმედებს არჩევნებში საკუთარი დამარცხების შიშიდან გამომდინარე“, – განაცხადა ბაიდენმა 15 ოქტომბერს გამართულ სატელევიზიო დებატებში.
ბაიდენის თქმით, “NATO-ს მეხუთე მუხლის თანახმად, შეტევა ერთ წევრზე შეტევაა ყველა წევრზე, ტრამპი კი ამ ვალდებულების მიმართ აშშ-ის ერთგულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს”.
“თუ ტრამპს მეორე ვადით აირჩევენ, გპირდებით, აღარ იქნება არანაირი NATO. ჩვენი უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნად დაეცემა და ნამდვილ გასაჭირში აღმოვჩნდებით“, – თქვა ბაიდენმა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. ამჟამად კი კანდიდატები დემოკრატიული პარტიიდან ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძვიან. მათ შორის არის ჯო ბაიდენიც. საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად ის გახდება, ვინც წინასწარ არჩევნებში (ე.წ. პრაიმერისში) ყველაზე მეტ მხარდაჭერას მოაგროვებს.