აქტივისტების თანახმად, პანკისის ხეობის მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას იმ ფონზე, რომ მათი არაერთი კითხვა პასუხგაუცემელია. მშენებელი კომპანიის დირექტორი კი აცხადებს, რომ დასახლებული პუნქტიდან 15კმ-ით დაშორებული ჰესი მოსახლეობისთვის სახიფათო არ იქნება, ხოლო მშენებლობის დაწყებამდე „მაქსიმალურად ყველას“ ჩააყენებენ საქმის კურსში.
რამდენიმე თვით ადრე, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სხვა, „ხადორი 3“ ჰესის ასაშენებლად ხეობაში, სოფელ ძიბახევში ტექნიკის შეყვანას პოლიციასთან მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. 21 აპრილს განვითრებული მოვლენებისა და შემდგომში მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებების შემდეგ, „ხადორი 3″-ის მშენებლობა შეჩერდა.
15 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა, რომ პანკისის ხეობაში ახალი ჰესის, „სამყურისწყალი 2″-ის მშენებლობის დაწყებას იგივე კომპანია „ფერი“ ნოემბერში აპირებს. კომპანიის დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა, რომ ჰესის მშენებლობის დაწყებას უახლოეს მომავალში მართალაც გეგმავს. თუმცა, მისი თქმით, დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, — „შეიძლება იყოს ნოემბერი ან დეკემბერი“.
„მოსახლეობისგან მოშორებით“, თუმცა- უფრო მძლავრი
„ფერის“ დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ეს ჰიდროელექტროსადგური, „ხადორი 3″-სგან განსხვავებით, მოსახლეობისგან მოშორებით აშენდება. „მაშინ იქ [ხადორი ჰესის შემთხვევაში] პრობლემა ის იყო, რომ სოფლებთან ახლოს შენდებოდა, ეს სადგური კი საერთოდ მოშორებულია, სხვაგან არის… ბოლო დასახლებული პუნქტიდან კავკასიონის მიმართულებით 15კმ-ით არის დაშორებული. საერთოდ შემხებლობაში არ არის არავისთან, თუმცა ჩვენ მაინც ჩავაყენებთ მოსახლეობას საქმის კურსში და ინფორმაციას მივაწვდით [მშენებლობის] დაწყებამდე“, — გვითხრა იორდანიშვილმა.
თუკი „ხადორი 3″-ის სიმძლავრე 5 მგვტ უნდა ყოფილიყო, „სამყურისწყალი“ დაგეგმილია, როგორც 27 მგვტ-იანი ჰესი. კითხვაზე, ამ პროექტს ექნება თუ არა უფრო დიდი გავლენა ხეობაზე, ვიდრე „ხადორს“ შეიძლება ჰქონოდა, მან გვიპასუხა:
„მეტი-ნაკლები პირობითია. გარემოზე ზემოქმედება, სახლს რომ აშენებთ, იმასაც აქვს, მანქანით რომ გადავადგილდებით და სიგარეტსაც რომ ვეწევით. რაღაცას შედარებით მეტი, რაღაცას შედარებით ნაკლები… დატბორვა არ იქნება, დიდი რაოდენობით ხე-ტყე არ იჭრება, მსგავსი არაფერი… ახლა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება გარემოზე ზემოქმედება და იქ არის სხვადასხვა საკითხი, მთელი რიგი ნიუანსებისა, რომელიც შესწავლილია და ჩაბარებულია ნებართვის აღებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროში — ჰაბიტატები, ფლორა-ფაუნა, ჰიდროლოგია… ამ ყველაფერის კვლევები მთლიანად ჩაბარებულია გარემოს დაცვის სამინისტროში“.
იორდანიშვილის თქმითვე, მოსახლეობას ამ ჰესის აშენებით სასმელ წყალზე წვდომის პრობლემა არ შეექმნება: „მაშინაც [„ხადორის“ შემთხვევაში] არ იყო არანაირი პრობლემა წყალთან დაკავშირებით და ახლა, საერთოდ, რა შემხებლობა აქვს. როგორც თბილისს მოაკლდება რამენაირად, ისე მოაკლდება პანკისის რომელიმე მოსახლეს“.
„შეცდომას იმეორებენ“
იორდანიშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კომუნიკაცია აქვთ და მოლაპარაკებებს მომავალშიც აპირებენ: „ყოველ შემთხვევაში, ვიდრე დავიწყებთ ამ საქმეს, მათ საქმის კურსში ჩავაყენებთ… მცდელობას არ დავაკლებთ, რომ ყველა მხარისთვის იყოს მისაღები… მაქსიმალურად ყველას ჩავაყენებთ საქმის კურსში“.
თუმცა მოსახლეობასთან შეუთანხმებლად მშენებლობის დაანონსებას უკვე მოჰყვა უკმაყოფილება. ლუიზა მუთოშვილი, აქტივისტი პანკისის ხეობიდან, „ნეტგაზეთს“ ეუბნება: „ისეთი განცდა რჩება, რომ ჩვენი ხმა და პოზიცია არავის არაფერში ადარდებს და აინტერესებს. „თქვენ რაც გინდათ, გააკეთეთ, ჩვენ მაინც რაც გვინდა, იმას ვიზამთ“ — აი, ასეთი პოზიციაა დაახლოებით“.
ჰესის მშენებლობის დაანონსება მათთან შეუთანხმებლად სხვა პანკისელებსაც არ მოსწონებიათ. მაგალითად:
ლუიზა მუთოშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა: „ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იორდანიშვილს არ აქვს რეალურად შეფასებული ის განწყობები და ის პროტესტი, რაც არსებობდა ამ [ჰესის აშენების] ნაწილში და იმეორებს იმავე შეცდომას: რამდენიმე ადამიანის ხედვასა და პოზიციაზე ამყარებს ზოგადად ხეობის პოზიციას ამ საკითხის მიმართ, რაც ძალიან დიდი შეცდომაა“.
მუთოშვილის ხედვით, სამყურისწყლის ჰესი გაცილებით საზიანო ჩანს ხეობისთვის, ვიდრე „ხადორი 3“ ჰესი: „ის 5 მგვტ-იანი იყო, ხოლო სამყურისწყალი 27 მგვტ-იანია. ამ კომპანიის გამოცდილება გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტებთან დაკავშირებით ცნობილია — ხადორის შემთხვევაში, გზშ სხვა ჰესისთვის გაცემული ნებართვიდან იყო დაკოპირებული და რეალურად შესწავლილი. რა გარანტია გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში სწორადაა ეს ზემოქმედება შესწავლილი და შეფასებული“, — კითხულბს ის. „აუცილებლად დავიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას და შესწავლას და შემდგომ უფრო არგუმენტირებული პასუხები გვექნება“.
კითხვები მშენებელს
როგორც „სამყურისწყალი 2″-ის, ისე „ხადორი 3″-ის საკითხი პანკისელი მოსახლეობის სახელით არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC-ს) სასამართლოში გაასაჩივრა. კერძოდ, EMC ითხოვდა ჰესებზე გარემოს დაცვის მაშინდელი სამინსიტროს მიერ გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებისა და თვითმმართველობისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვების ბათილად ცნობას.
ორგანიზაცია ამ აქტების შეჩერებას ითხოვდა, რათა დაგეგმილი სამშენებლო პროცესები სამართლებრივად გაჩერებულიყო, თუმცა სასამართლომ არცერთ საქმეზე არ დააკმაყოფილა მოთხოვნა შეჩერების თაობაზე. „შესაბამისად, დღეს მშენებლობისთვის ფორმალური საფუძველი აქვს კომპანიას და სასამართლო დავა, სამწუხაროდ, არ აჩერებს მშენებლობის პროცესს“, — განუცხადა „ნეტგაზეთს EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ.
თუმცა, თამთა მიქელაძის თანახმად, ჰესების შესახებ დოკუმენტებისა და პროცესის ანალიზი უჩვენებს, რომ ამ პროცესს არაერთი ხარვეზი ახლავს თან. კერძოდ:
- ეკოლოგიური ხარჯი საკმარისად დათვლილი არ არის. დოკუმენტებში [გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა (გზშ) და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში] არ ჩანს, თუ რა გავლენა ექნება ჰესების მშენებლობას წყლის ნაკადზე, ზოგადად, სასმელ წყალზე და მასზე დამოკიდებულ ხეობებზე;
- დოკუმენტებში არ არის შეფასებული ახლომდებარე დაცულ ტერიტორიებზე, კერძოდ კი, თუშეთის ეროვნულ პარკზე, ჰესის ზეგავლენის მასშტაბი და ფორმები. ეს დაცული ტერიტორიები ადგილობრივებისთვის ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი რესურსია, ჰესის აშენებით ზემოქმედება ხდება მთის წყალუხვ მდინარეზე და შეიძლება არსებითი გავლენა მოახდინოს იქაურ გარემოზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხის შეფასება, რაც არაა დოკუმენტებში წარმოდგენილი;
- ჰესის პარალელურად იგეგმება 38 კმ-ის სიგრძეზე 110 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა. მათი მშენებლობა და გარემოზე ზემოქმედება საერთოდ არაა შეფასებული ამ დოკუმენტებით. არადა, EMC-ის პოზიციით, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ჰესის მშენებლობისა და მოწყობის შეფასება მთლიანობაში უნდა ხდებოდეს;
- საუბარია ხე-ტყის გაჭრაზე, რადგან ეს არის სრულიად მიუვალი და დაუსახელებელი ადგილები, ამიტომ, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით ხე-ტყე მოიჭრება, თუმცა, კონკრეტულად რა ოდენობის, რა ტიპის, ეს შეფასებული არ არის;
- დაგეგმილია რამდენიმე გვირაბის მშენებლობა, რაც აფეთქებით სამუშაოებსაც გულისხმობს, რისთვისაც გზის გაყვანაც იქნება საჭირო. ასეთ რთულ გეოდინამიკურ და ჰიდროლოგიურ ზონაში გზის გაყვანის გეგმა როგორი იქნება, რა გავლენას მოახდენს ადგილობრივებზე, ან როგორ მოხდება ნარჩენი და სამშენებლო მასალის დახარისხება და მართვა, არ არის წარმოდგენილი ამ დოკუმენტებში;
- მთავარი საკითხი არის ის, რომ ყველა ეს კრიტიკა თვითონ გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიურ დასკვნაშიც წარმოდგენილია. უბრალოდ, ისინი კომპანიას მიუთითებენ, რომ ეს პირობები მოგვიანებით, რაღაც ეტაპზე უნდა შეასრულონ, რაც პრინციპული შეცდომაა სამინისტროს მხრიდან. ეს იმიტომ, რომ თუ არ იცი ეს დეტალები, თუ რეალურად არ არის ეს საკითხები შეფასებული, კომპლექსური კვლევები არ არის ჩატარებული გარემოზე, შეუფასებელია ფლორა-ფაუნასა და ადამიანებზე ზემოქმედების მასშტაბი, ხარისხი და ფორმები, და თქვენ, ფაქტობრივად, უპირობოდ აძლევთ ეკოლოგიურ დასკვნას, ამბობთ, რომ შემდგომში უნდა მოხდეს რაღაც საკითხების გარკვევა, ეს მიუთითებს, რომ ჯეროვანი ადმინისტრაციული წარმოება და განხილვა საჯარო ინტერესის დაცვით არ მომხდარა გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ.
- ეს ჰესი, სხვების მსგავსად, მხოლოდ ცალკეა შეფასებული, ხოლო კუმულატიურად ჰესების კასკადის გავლენა შეფასებული არ არის. არადა, პანკისის ხეობაში უკვე ფუნქციონირებს ორი ჰესი, მესამე ჰესი ესაა — „სამყურისწყალი 2“, მეოთხე კი, რაზეც ასევე ლაპარაკობენ ხოლმე, „ხადორი 3“, რასაც პრობლემები მოჰყვა;
თამთა მიქელაძის თქმით, ჰესების ასაშენებლად ნებართვების გაცემის პროცესში ადგილობრივების ინტერესი გათვალისწინებული არ არის: „ისინი საკმარისად არ მონაწილეობენ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისე გასცემს სამინისტრო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომ რეალური შეფასება გარემოსა და ადამიანებზე ზემოქმედებისა არ ხდება, რაც მთლიანად არის უგულებელყოფა ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების“.
„ყველაზე სამწუხარო ის არის, კომპანია ისევე საუბრობს, როგორც აპრილის მოვლენების დროს საუბრობდა. ამ მოვლენებმა რეალური კრიზისი აჩვენა, — რომელიც სხვა წუხილების შედეგიც იყო, რაც პირველ რიგში, პანკისის ხეობაში უსაფრთხოების პოლიტიკას უკავშირდება, — ახლა კი ისევ ამის გაკეთება ისე, რომ კვლავ არ ელაპარაკები, კვლავ არ ხსნი რეალური დისკუსიის ფორმატებს, ძალიან პრობლემურია. ვხედავთ ისევ იმ აგრესიულ რიტორიკას, რომ თურმე ის, რაც მოხდა, ვიღაც ინტერესთა ჯგუფების საქმიანობის შედეგია, ვინც საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. ანუ ხდება იმ რეალური უკმაყოფილების და კრიტიკის უგულებელყოფა, რაც ადგილობრივებს გააჩნდათ და ისევ შეთქმულების თეორიების გამოყენებით ცდილობს კომპანია საკუთარი პასუხისმგებლობის არიდებას. საყურადღებოა, რომ ისევ მხოლოდ კომპანია ჩანს და სახელწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას, იყოს მედიატორი და დაიცვას საჯარო ინტერესი“, — ამბობს თამთა მიქელაძე.
21 აპრილის მოვლენებისა და პანკისის ხეობის მიმართ პოლიტიკის შესახებ ნახეთ „ნეტგაზეთის“ ვიდეო: