ახალი ამბები

ნინო გოგუაძე: საჰაერო თავდაცვის საკითხებზე კომისიის შექმნა უმრავლესობის ინტერესებშია

3 აპრილი, 2015 •
ნინო გოგუაძე: საჰაერო თავდაცვის საკითხებზე კომისიის შექმნა უმრავლესობის ინტერესებშია

ირაკლი ალასანიამ ამ საკითხზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის განცხადებით, მიმართავენ პარლამენტს, რათა შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის, თუ რა პირობებში, როგორ დაიდო მემორანდუმი და რა დააკლდა ქვეყანას, რომ არ გაფორმდა შეთანხმება ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

“ვიდრე პოლიტიკურ სრულ უნდობლობას გამოვუცხადებდეთ პრემიერს, მე მინდა, ასეთი შესწავლა საქართველოს პარლამენტმა ჩაატაროს,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

ნინო გოგუაძე ამბობს, რომ ასეთი კომისიის შექმნა უმრავლესობის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, რადგანაც ეს სიმართლის გარკვევას შეუწყობს ხელს.

 

“უმრავლესობის დეპუტატებს მინდა ვუთხრა, რომ სწორედ მათ ინტერესებსში უნდა იყოს, რომ გაირკვეს სიმართლე და ერთხელ და საბოლოოდ ამ საკითხს მოეფინოს ნათელი,”– განაცხადა ნინო გოგუაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

 

ნინო გოგუაძის თქმით, პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც ამ საკითხებზე მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს:


“ვფიქრობ, რომ პარლამენტი მოვალეა, შექმნას ასეთი კომისია, რადგან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე უფრო მეტი სახელმწიფოებრივი საქმე მე არ წარმომიდგენია, რომ რამე იყოს,”– განუცხადა გოგუაძემ “ნეტგაზეთს”.


მისი განცხადებით, კომისიის შექმნის წინადადებით პარლამენტის ბიუროს მომავალ კვირას მიმართავენ.


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვით შეიარაღებაზე უარი ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ათქმევინეს. ალასანია ამბობს, რომ საფრანგეთში თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით მემორანდუმზე ხელმოწერის წინ მინდია ჯანელიძემ პრემეირ–მინისტრის სახელით დაურეკა და უთხრა, რომ მასზე ხელი არ მოეწერა. “თავისუფალი დემოკრეტების” ლიდერი თვლის, რომ ამ ზარის მიუხედავდ, მემორანდუმზე ხელის მოწერამ გამოიწვია პროკურატურის მიერ “კაბელების საქმეზე” თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი