ახალი ამბები

მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას – ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი

16 ოქტომბერი, 2019 •
მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას – ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი მიესალმება სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ კონსორციუმს ხელშეკრულება არ შეუწყდება. როგორც ახვლედიანმა ჟურნალისტებს უთხრა, იმედს გამოთქვამენ, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობის ქმედებებზეც აისახება.

კითხვაზე, საკმარისი იქნება თუ არა რამდენიმე თვე იმისთვის, რომ კონსორციუმმა საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები შეასრულოს, ახვლედიანი პასუხობს, რომ ეს სახელმწიფოსა და მათ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

“აუცილებელია ერთობლივი ძალებით [მთავრობა და ინვესტორი] ამ პრობლემების მოგვარება. ეს პრობლემები ცალმხრივად არ გადაიჭრება… არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რადგან მთავრობამ ხელშეკრულების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება არ მიიღო, ეს პრობლემები ავტომატურად მოგვარდება. მთავრობის გამო კონკრეტული დაბრკოლებები შეექმნა პროექტს, ამიტომ “ბოლო შანსზე” ნუ ვილაპარაკებთ. ამის ნაცვლად პარტნიორულ ურთიერთობაზე უნდა გადავიდეთ. დღეს მათი მხრიდან დადებითი ნაბიჯი გადაიდგა, რადგან პროექტს არ წყვეტენ, რასაც უნდა მივესალმოთ”, – ამბობს ახვლედიანი.

ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი ასევე ამბობს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროებით დაზიანდება პროცესი, მით უფრო იმ ფონზე, როცა კონსორციუმს სახელმწიფო არ უწყვეტს ხელშეკრულებას.

როგორც ახვლედიანი ირწმუნება, წერილში საუბარია მათ ხედვაზე, ანუ იმაზე,”როგორ უნდა წავიდეს პროექტი წინ”. ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ 10 ოქტომბერს კონსორციუმისგან წერილი მიიღეს, მაგრამ “იქ პროექტის განვითარების კონკრეტულ ხედვებზე საუბარი არ არის”.

“ეს წერილი იურისტების მიერ დაიწერა, სადაც გათვალისწინებულია საინვესტიციო ხელშეკრულების ძირითადი პუნქტები. ამავე დროს, დაძაბული ვითარების ფონზე, ვთვლით, რომ თუ მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს მოლაპარაკებების წარმართვაზე, ამ წერილის ამ ეტაპზე გასაჯაროება პროცესს დააზარალებს, მაგრამ თუ გასაჯაროების აუცილებლობა დადგება, თავს არ შევიკავებთ”, – უთხრა ახვლედიანმა ჟურნალისტებს.

2019 წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დაფინანსების ნაწილში
შესასრულებელი შემდეგი ვალდებულებები რჩება:

  • შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხაზე
    კონსორციუმის კაპიტალის შევსების თაობაზე;
  • საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის
    თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება;

მასალების გადაბეჭდვის წესი