ახალი ამბები

ახალი სახელმწიფო უწყება დასაქმების ხელშესაწყობად – მცდელობა მესამე

16 ოქტომბერი, 2019 •
ახალი სახელმწიფო უწყება დასაქმების ხელშესაწყობად – მცდელობა მესამე

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ შექმნილი დასაქმების სამინისტროს გაუქმებიდან თითქმის 7 წლის შემდეგ, “ქართული ოცნება” დასაქამების ხელშესაწყობად ახალ სახელმწიფო უწყებას თავად ქმნის.

ახალი უწყების სახელი “დასაქმების სააგენტო” იქნება და 2020 წლის არჩევნებამდე ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში უნდა ჩამოყალიბდეს. ოფიციალური ინფორმაციით, მისი მიზანი ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დონის შემცირება და პოტენციური დამსაქმებლებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებაა.  

“დასაქმების სააგენტო” ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდბება და მისი მიზანი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სერვისების უზრუნველყოფა და დასაქმების/შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება იქნება.  

დასაქმების ხელშეწყობის მესამე მცდელობა

“საკითხის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამინისტროში მიმდინარე რეფორმის პროცესში მოხდა არსებული ბიუჯეტის ფარგლებში დამოუკიდებელი, დასაქმების ხელშეწყობაზე ორიენტირებული უწყების – სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცალკე გამოყოფა,” – ნათქვამია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ წერილობით ინფორმაციაში. უწყებაში გვითხრეს, რომ სააგენტოსთან დაკავშირებულ დამატებით, კონკრეტულ კითხვებს პროექტის დასრულების შემდეგ უპასუხებენ. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტები საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობაზე გაკეთდება. ასევე განვითარდება არსებული სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შრომის ბაზრის მომსახურებები. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში პროექტის დასრულებამდე არ საუბრობენ, ზუსტად რა ღონისძიებების გატარება იგეგმება აღნიშნული პროექტის ფარგლებში. 

სააგენტოს მიზნებსა და მათი განხორციელების სავარაუდო გზებზე სასაუბროდ “ნეტგაზეთი” პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ეს იქნება პროექტი, რომლის მიხედვითაც მოხდება საქართველოში დასაქმების ხელშეწყობა, განსაკუთრებული აქცენტები კი იმ ადამიანებზე გაკეთდება, რომელთაც გარკვეული ხელის შემშლელი პირობებიდან გამომდინარე სამუშაოს ძიების პროცესში პრობლემები ექმნებათ. 

ზოიძის თქმით, დასაქმების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების მოძიება უნდა იყოს, რათა პირადი სახსრებით შეძლონ საკუთარი თავისა და ოჯახების რჩენა.

საქართველოში უკვე არსებობს დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა პროგრამა, მათ შორის, 2016 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, მიერ დამტკიცებული “შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიის” დადგენილება, რომელიც 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმას შეიცავს. დოკუმენტის მიზანი სწორედ მოსახლეობის შრომითი ინტეგრაცია, პროდუქტიული დასაქმება და შემოსავლების გენერირების გაზრდა იყო. განსაკუთრებული აქცენტი კი შრომის ბაზარზე არსებულ მოწყვლად ჯგუფებზე უნდა გაკეთებულიყო. ზოიძის განმარტებით, ეს პროგრამა დღემდე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 4 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება:

“ახალი სტრატეგიის ფარგლებში გაცილებით ფოკუსირებული უნდა იყოს დასაქმების პრობლემა და მის მოსაგვარებლად უნდა გატარდეს ეფექტური სამუშაოები. სწორედ დასაქმების სააგენტო შეუწყობს ხელს აღნიშნული პროგრამის შესრულებას, რადგან ამ ეტაპზე მას ინსტიტუციურად არ ჰყავს პატრონი, სააგენტო კი სწორედ ამ პატრონობის გაწევას შეძლებს”, – განმარტავს ზოიძე.

დეპუტატის თქმით, სააგენტოს მთავარი ვალდებულება პოტენციურ დამსაქმებელსა და დასაქმების მაძიებელს შორის შუამავლის როლის შესრულება უნდა იყოს. ზოიძის განმარტებით, პროექტი უნდა შეიცავდეს რამდენიმე ძირითად პუნქტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შეძლებს შეასრულოს ხიდის როლი ორ სუბიექტს შორის:

  • უნდა ჩატარდეს კვლევა იმისთვის, რომ გამოიკვეთოს არა მხოლოდ ამ ეტაპზე უმუშევარი ადამიანები, არამედ  არასწორად დასაქმებული პირებიც, რომელთაც შესაფერისი ანაზღაურება არ აქვთ;
  • უნდა მოხდეს ამ ადამიანების გადამზადება კვალიფიკაციის ასამაღლებლად, შესაბამისი მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით;
  • რეგულარულად უნდა განახლდეს სისტემები, სადაც ორივე მხარე შეძლებს სასურველი მუშახელისა თუ სამსახურის მოძებნას;
  • სახელმწიფო უნდა დაეხმაროს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს სწორ კომუნიკაციაში.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, თუ სააგენტოს მიზანი სხვა ცვლილებებთან ერთად არ იქნება აღნიშნული პუნქტების შესრულება, მის შექმნას მხარს არ დაუჭერს:

“სხვა შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ ახალი ბიუროკრატია, რომელსაც მე მხარს არანაიარად არ დავუჭერ”, – ამბობს ზოიძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში. 

პროექტს დასაწყისშივე ბიუროკრატიად აფასებს ეკონომიკის დარგის ექსპერტი პაატა შეშელიძე. მისი თქმით, ამ ეტაპზე სააგენტოს  შექმნის საჭიროება არ არსებობს:

“სააგენტოს შექმნა იქნება დამატებითი ფულის ფლანგვა და ბიუროკრატიის შექმნის გარდა, მისი შექმნის არავითარი საჭიროება არ არსებობს. დასაქმება არის ღია ბაზრის უნებლიე პროცესი და თუ სახელმწიფოს დასაქმების სფეროს განვითარება უნდა, პირველ რიგში, სწორედ ღია ბაზარს უნდა დაეხმაროს – უნდა შეიქმნას ისეთი ვითარება, სადაც ადამიანი შეძლებს თავისი მიწის, საკუთრებისა და რესურსების გამოყენებას სხვადასხვა საქმიანობის საწარმოებლად”, – ამბობს შეშელიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

მისი განმარტებით, ხელისუფლებამ თავად შეუწყო ხელი ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემის წარმოქმნას იმ რეფორმების შედეგად, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს გაურთულდათ ბანკიდან სესხის აღების პროცედურა, ასევე, მიწის საკუთრებაში გადაცემა, ტაქსის მძღოლებისთვის კი დაწესდა შეზღუდვები. 

უმუშევრობის პრობლემიდან გამოსავალს ღია ბაზრის ხელშეწყობაში ხედავს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც:

“ხელისუფლების ხელშეწყობა პირდაპირ და მექანიკურად სააგენტოს შექმნით კი არ უნდა მოხდეს, სახელმწიფომ ეკონომიკური აქტივობის ზრდით უნდა მოახდინოს ბაზრის განვითარების სტიმულირება. ანუ გარკვეული პროტექციული პოლიტიკა უნდა გაატაროს კერძო სექტორის მიმართ, რომელიც შემდეგ თვითონ შექმნის სამუშაო ადგილებს და არ დასჭირდება ხელისუფლების დახმარება”, – განმარტავს ხუხაშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას დასაქმების სააგენტოს შექმნის შესახებ პოლიტოლოგი მომავალ არჩევნებს უკავშირებს და აღნიშნულ ინიციატივას “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ბოლოს შექმნილ დასაქმების სამინისტროს ადარებს:

“ეს არის მორიგი ფარსი, რომლის მსგავსიც ადრეც გვინახავს. წინა ხელისუფლების პირობებში უფრო მაღალი სტატუსიც ჰქონდა, ეფექტი კი ნულოვანი იყო. ვფიქრობ, აქაც იგივე მოხდება – დაასაქმებენ რამდენიმე ადამიანს, ანუ დასაქმების სააგენტო დაასაქმებს მხოლოდ დასაქმების სამინისტროს და ამით ამოიწურება პროექტი”, – უთხრა ხუხაშვილმა ნეტგაზეთს. 

დასაქმების ხელშეწყობის ქრონოლოგია                     

უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლა სპეციალური სახელმწიფო უწყების შექმნით პირველად ჯერ კიდევ საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, 2001 წელს სცადეს. სწორედ მაშინ შეიქმნა დასაქმების სახელმწიფო სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციები იყო:

  • სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია, აღრიცხვა და მონიტორინგი;
  • ვაკანტური სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და საინფორმაციო ბანკის შექმნა;
  • სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა ინფორმირება სამუშაო ძალაზე მოთხოვნისა და მისი მიწოდების მდგომარეობის შესახებ;
  • დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესახებ მოსახლეობის ინფორმირება;
  • სამუშაოს მაძიებელთა მიზნით საშუამავლო საქმიანობის ორგანიზება;
  • სამუშაო მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. 

თუმცა აღნიშნული სამსახური 2006 წელს მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა. სამსახურის გაუქმების მთავარ არგუმენტად კი დასახელდა, რომ დასაქმება არა სახელმწიფოს, არამედ ბიზნესის პრეროგატივა იყო. 

2012 წელს, გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ დასაქმების პრობლემის მოგვარება კვლავ სახელმწიფოს პრეროგატივად მიიჩნია და უმუშევრობის დონის შესამცირებლად დასაქმების სამინისტროც შექმნა. ამ გადაწყვეტილებას მაშინდელი ოპოზიცია საარჩევნო პროექტს უწოდებდა და აკრიტიკებდა. 

როგორც “ნეტგაზეთთან” საუბრისას დასაქმების მაშინდელმა მინისტრმა, პაატა ტრაპაიძემ განაცხადა, ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი “ოცნების” წარმომადგენლები “სიზმრების სამინისტროს” უწოდებდნენ. დასაქმების სამინისტრო “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე გააუქმა. 

ტრაპაიძის განმარტებით, უმუშევრობის დონის შესამცირებლად სამინისტროს  ჰქონდა ხუთი ძირითადი პუნქტისგან შემდგარი გეგმა:

  • ქვეყნის მასშტაბით სამსახურის მაძიებელთა რეგისტრაცია;
  • შრომითი ბაზრის კვლევა და ვაკანტური სამუშაო ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება;
  • მოსახლეობის დაინტერესებული ნაწილისთვის სპეციალური ტესტირების ჩატარება, რომლის შედეგადაც უნდა გარკვეულიყო სამუშაოს მაძიებელი კონკრეტული მოქალაქის შესაძლებლობები და ინტერესები;
  • დაინტერესებული მოსახლეობის გადამზადება;
  • გადამზადებული მუშახელისა და პოტენციური დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება.

დასაქმების ყოფილი მინისტრის განმარტებით, საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ გეგმის შესარულებლად სამინისტროს გამოუყო ნახევარი წლის ბიუჯეტი – 950 ათასი ლარი. ტრაპაიძე იხსენებს, რომ სამინისტრომ დაგეგმილი ღონისძიებებიდან მხოლოდ უმუშევართა ნაწილის რეგისტრაცია და ზოგადი კვლევის ჩატარება მოასწრო.

“კვლევა დაიდო, გადავაბარეთ შემდგომ მთავრობას და ამის მერე მე არაფერი გამიგია მათი გეგმების შესახებ”, – უთხრა ნეტგაზეთს დასაქმების ყოფილმა მინისტრმა. მისივე თქმით, 2012 წელს სამინისტროს შექმნას 3 დღე დასჭირდა.

როგორც ტრაპაიძე ამბობს, პროექტის მთავარი მიზანი არა ადამიანების პირდაპირი გზით დასაქმება, არამედ სამსახურის მაძიებლებისა და კერძო სექტორის ერთმანეთთან მარტივი და ეფექტური დაკავშირება იყო:

“დასაქმების სამინისტრო არავის არ ასაქმებდა, ის უბრალოდ იკვლევდა, თუ რა ნაბიჯები იყო გადასადგმელი იმისთვის, რომ ქვეყანაში დასაქმების პრობლემა შედარებით შემსუბუქებულიყო”, – განმარტავს ტრაპაიძე – “ეს პროექტი ემსახურებოდა იმას, რომ ადამიანების გადამზადება მომხდარიყო იმის საფუძველზე, თუ კონკრეტულად რომელი სფერო რომელი კადრის ნაკლებობას განიცდიდა. ჩვენი მოვალეობა კი სწორედ ამ ნაპრალების ამოვსება იყო”.

როდის ჩამოყალიბდება, რამდენი ადამიანი დასაქმდება, რამდენი იქნება სააგენტოს ბიუჯეტი და ა.შ. ჯერჯერობით უცნობია. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აღნიშნული დეტალები პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი