რუსული საჯარისო შენაერთები თურქეთ-სირიის საზღვარზე პატრულირებენ, წერს გამოცემა The Washington Post.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ რუსული სამხედრო პოლიცია პატრულირებს სირიის ჩრდილოდასავლეთით მდებარე ქალაქ მანბიჯში, “სირიის არაბულ რესპუბლიკასა და თურქეთის კონტაქტის წერტილთან“.
“ვფიქრობ, რომ შეტაკებაში [თურქეთის და სირიის ჯარის] არათუ არავინაა დაინტერესებული, ეს დაუშვებელიც კია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში, ალექსანდრე ლავრენტიევმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აქამდე, რეგიონი დატოვეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა, რის შემდეგაც, 9 ოქტომბერს, თურქეთმა სამხედრო ოპერაცია “მშვიდობის წყარო“ დაიწყო. საპასუხოდ, თურქეთს სანქციები დაუწესა შეერთებულმა შტატებმა, ხოლო გერმანიამ და საფრანგეთმა ანკარასთვის იარაღის მიწოდებაზე აკრძალვა დააწესა.