ახალი ამბები

ინაშვილი: “ოცნებასთან” კოალიცია ჩვენთვის საინტერესო არაა

15 ოქტომბერი, 2019 •
ინაშვილი: “ოცნებასთან” კოალიცია ჩვენთვის საინტერესო არაა

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მათი პარტია “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში არ შევა.

ინაშვილის თქმით, “ოცნებას” იმდენად აქვს დაკარგული ხალხის ნდობა, მათთან კოალიციურ ფორმატში თანამშრომლობა “პატრიოტთა ალიანსისთვის” საინტერესო არაა:

“ირაკლი კობახიძე არც გამორჩეული პარლამენტის თავმჯდომარე იყო, არც გამორჩეული პოლიტიკოსი და ექსპერტია, რომ საარჩევნო პროგნოზები გაგვიზიაროს.

არავინ არ იღვწის, რომ კოალიციაში შევიდეს “ქართულ ოცნებასთან”. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ნამდვილად არ იღვწის ამისათვის. “ქართული ოცნების” იმიჯი დღეს იმდენადაა დაზიანებული, იმდენად აქვს დაკარგული ხალხის ნდობა, რომ მასთან კოალიციურ ფორმატში თანამშრომლობა აშკარად არაა საინტერესო ჩვენთვის” ,- ამბობს ინაშვილი.

მისი თქმით, “პატრიოტთა ალიანსის” მიზანია 2020 წლის არჩევნებში ქართველ ხალხთან ერთად გამარჯვება:

“ქართული ოცნება” 45% და 50%-ს კი არა, დღევანდელ ვითარებაში ხმების 15%-ს ვერ მოიპოვებს, ამიტომ, ვის ვისთან და როგორ მოუწევს მომავალში კოალიციის შექმნა ან არშექმნა, ამას 2020 წლის არჩევნების შედეგები გვაჩვენებს. მაგრამ თუ “ქართული ოცნება” იმას ფიქრობს, რომ კვლავ ბოკერიას დაუწერს ხმებს, (როგორც დაუწერა თითქოსდა 800 000 ხმა) და გააგრძელებს მოღალატურ თამაშს მწამებლების პარტიებთან, მიიღებს, არც მეტი და არც ნაკლები, რევოლუციას ქვეყანაში.

ამდენად, ყველას ვურჩევ, კარგად დაფიქრდეს, როცა საარჩევნო პროგნოზებზე და წითელ ხაზებზე საუბრობს. მათ შორის, ბატონ კობახიძეს, რომელიც საკუთარი გვარითა და სახელით რომ გავიდეს არჩევნებზე, ორ ხმასაც ვერ მიიღებს, ვარწმუნებ” ,- ამბობს ინაშვილი.

კობახიძის პროგნოზით 2020-ში “ოცნება” 60 პროცენტს მიიღებს

მასალების გადაბეჭდვის წესი