პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მისი პროგნოზით, “ქართული ოცნება” 60%-ს მიიღებს. ეს განმარტება კობახიძემ გუშინ, პალიტრანიუსის ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ გააკეთა.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გუშინ პალიტრანიუსის ეთერში არ გამორიცხა საქართველოში ისრაელის სცენარის განვითარება, როდესაც მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო უმრავლესობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოაგროვა და საჭირო გახდა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
“თვითონ კოალიციის ჩამოყალიბებაც საკმაოდ რთული იქნება შემდეგ პარლამენტში. თუ “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოიპოვა მანდატების 45% მაინც, შემდეგ პარლამენტში, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნა ძალიან გართულდება და შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს”, – თქვა გუშინ კობახიძემ.
დღეს ეს საკითხი მან ასე განმარტა:
“რაც შეეხება 45%-ს, ეს იყო და არის მარტივი არითმეტიკა, რომელიც გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, თუ რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი კოალიციის ფორმირება. ჩვენ ვიცით, როგორია სპექტრი, რომელიც ჩვენი ვარაუდით 2020 წლის არჩევნებამდე დიდად არ შეიცვლება. არსებული სპექტრის პირობებში გამარჯვებულმა პარტიამ დაახლოებით 45% მაინც უნდა მიიღოს იმისთვის, რომ კოალიცია შედგეს.
გამარჯვებულ პარტიას რაც შეეხება, არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს “ქართული ოცნება” იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი 45% არ არის. მე ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც შეიქმნება, არის 60, 20, 20.
60% – ქართული ოცნება, 20% – ნაცმოძრაობა თავისი ევროპული საქართველოთი და 20% – დანარჩენი ოპოზიცია”, – განაცხადა კობახიძემ.
მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რაზე დაყრდნობით აკეთებს ამ პროგნოზს, რადგან ბოლო კვლევებით სხვა სურათი იკვეთება, რაზეც კობახიძემ უპასუხა:
“პროგნოზებს ყოველთვის ვაკეთებდი ხოლმე და არსებითად არ შევმცდარვარ”.