“რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩორჩანისა და წაღვლის მიმდებარედ აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესში გამოიხატება”, – განუცხადეს ნეტგაზეთს სუს-ში სოფელ ყობის ტერიტორიაზე შესაძლო “ბორდერიზაციაზე” დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
“უშუალოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესი არ მიმდინარეობს. რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, – განაცხადეს სუს-ში.
2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანის მიდამოებში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნას დაძაბულობა მოჰყვა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი პოსტის დაშლას მოითხოვდა და თბილისს პროვოკაციებში ადანაშაულებდა. აღნიშნული საკითხის განხილვას რუსულ და ოსურ მედიაში პერიოდულად უბრუნდება ხოლმე ოსური მხარე.