ახალი ამბები

UEFA თურქი ფეხბურთელების გოლის სამხედრო მისალმებით აღნიშვნას გამოიკვლევს

14 ოქტომბერი, 2019 • 1213
UEFA თურქი ფეხბურთელების გოლის სამხედრო მისალმებით აღნიშვნას გამოიკვლევს

UEFA აცხადებს, რომ გამოიკვლევს თურქი ფეხბურთელების მიერ სამხედრო მისალმებით გოლის აღნიშვნას. შემთხვევა ალბანეთთან შეხვედრაში ჩენკ ტოსუნის გოლის შემდეგ მოხდა-წერს BBC.

თურქეთ-ალბანეთის შეხვედრა პარასკევს სტამბულში შედგა, პარალელურად კი ჩრდილოეთ სირიაში თურქული ძალები ქურთებს ებრძოდნენ.

ტოსუნმა გოლის აღნიშვნის ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა და მიაწერა: “ჩვენი ერისთვის, განსაკუთრებით კი იმათთვის, ვინც ქვეყნისთვის სიცოცხლით რისკავს“.

მსგავსი ფოტო გაავრცელა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ – ფოტოზე გასახდელში მყოფი თურქი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი სამხედრო მისალმებით არიან დაფიქსირებულნი, ხოლო მესიჯი ასეთია: “გზის ბოლოში ჩემპიონობაა! შვიდი მატჩის შემდეგ ვაგრძელებთ ლიდერობას ევრო 2020-ის საკვალიკაციო H ჯგუფში. ამ გამარჯვებას ჩვენს გმირ ჯარისკაცებს ვუძღვნით“.

UEFA-ს წესდებით, თამაშებისას პოლიტიკური ჟესტების გამოყენება იკრძალება. UEFA-ს პრესსპიკერმა ფილიპ თაუნსენდმა იტალიურ ახალი ამბების სააგენტო Ansa-სთან საუბარში განაცხადა, რომ ასეთი აღნიშვნა “შეიძლება პროვოკაციას წააგავდეს“;

“გარანტიას გაძლევთ, რომ სიტუაციას გამოვიკვლევთ, ოღონდ, ნება მომეცით, გადავამოწმო“, – განაცხადა თაუნსენდმა.

9 ოქტომბერს თურქეთმა ქურთების წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო. შედეგად, დაეცა თურქული ლირის კურსი, ხოლო აშშ თურქეთს სანცქიებით დაემუქრა

ფოტოზე: თურქეთის ნაკრების სამხედრო ჟესტი გოლის გატანის შემდეგ. ფოტო: Getty

მასალების გადაბეჭდვის წესი