ახალი ამბები

უსამართლოა ამნისტია გამოვაცხადოთ ისე, რომ დაზარალებულებს არაფერი ვკითხოთ – “გირჩი”

14 ოქტომბერი, 2019 • 1772
უსამართლოა ამნისტია გამოვაცხადოთ ისე, რომ დაზარალებულებს არაფერი ვკითხოთ – “გირჩი”

“გირჩის” თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას აზრით, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ყოფილ მაღალიჩინოსანთა მიმართ პოლიტიკური დევნა არ უნდა დაიწყოს და არავინ უნდა დაისაჯოს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს ამნისტიას საქმეებზე, რომლებსაც კონკრეტული დაზარალებულები ჰყავს.

“იმის გამო, რომ ვიღაც პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო და არ მოსწონდათ თანამდებობდაზე ადამიანებს, საქმის აღძვრა არ შეიძლება – ეს პოლიტიკური დევნაა. მაგრამ ამნისტია გამოვაცხადოთ ყველაზე და ყველაფერზე ისე, რომ დაზარალებულების, ანუ ადამიანების, ვისაც უშუალოდ შეეხო უკანონო მოქმედება, თანხმობა არ გვქონდეს, მე ცოტა არალოგიკურად მიმაჩნია. მაგალითად, პირობითად ვამბობ, ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე თორდიას ნაცვლად მე რომ ვაპატიო ფარცხალაძეს ეს ამბავი, არ მგონია, სამართლიანი იყოს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, ახალმა ხელისუფლებამ “არ უნდა დაიწყოს საქმეების ძიება” კონკრეტული ადამიანების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად, მაგრამ თუ ბუნებრივად გამოჩნდა საქმე, რომელსაც ჰყავს თავისი მომჩივანი, ხელისუფლების ჩარევა უადგილოა.

“პოლიტიკური ნაწილის გამო, მაგალითად, ვიღაცამ არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ბიუჯეტს ზიანი მიადგა ან არასწორი რეფორმა გატარდა, არავის დაჭერას არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ თუ ასე წავალთ, მაშინ არსად იქნება მუხრუჭი. მაგრამ თუ არსებობენ კონკრეტული დაზარალებულები, რომლებიც უჩივიან ყოფილ თანამდებობის პირებს, ეს საქმე უნდა გაარჩიოს მიუკერძოებელმა და დამოუკიდებელმა სასამართლომ”, – განაცხადა ხვიჩიამ, თუმცა აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა პრობლემად რჩება და გადასაჭრელია, მიუხედავად იმისა, რომელ სცენარს აირჩევს ახალი ხელისუფლება – ამნისტიის, თუ წინამორბედი ხელისუფლების პირების გასამართლების.

“ევროპული საქართველო” მომხრეა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოცხადდეს ამნისტია წინა ხელისუფლების წევრების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე, გარდა მკვლელობისა და წამებისა. გიგა ბოკერიას თქმით, ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ქონების ხელახალ გადანაწილებასაც. “ევროპული საქართველოს” მოსაზრება გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა “გაერთიანებული ოპოზიციიდან” და “რესპუბლიკური პარტიიდან”.

ამ თემაზე:

“ევროპული საქართველო” ივანიშვილის გასამართლების და “გაკულაკების” წინააღმდეგია

მასალების გადაბეჭდვის წესი