“ივანიშვილი ციხეში” ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “მთავარი არხის” ეთერში.
ბოკერიას თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ბედი თავად ივანიშვილის გადასაწყვეტი იქნება. ბოკერიამ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების სისხლის სამართლებრივი დევნის წინააღმდეგია, გარდა მკვლელობისა და წამების შემთხვებისა.
“ერთხელ უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ხელისუფლების შეცვლას არ მოჰყვეს მასობრივი პოლიტიკური დევნა, თორემ ეს არანორმალურ პოლიტიკურ ციკლში ამყოფებს მთელ ქვეყანას. ჩვენ არ გვაქვს არც პროკურატურა და სასამართლოც არ გვყავს ისეთი, რომელიც პოლიტიკური ფიგურების დევნისას მოგვცემდა განცდას, რომ არის მიუკერძოებელი. დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა არის ყველაზე რთული ამოცანა. ხელისუფლებათან ერთად მთელი სასამართლოს გაშვება არის სასამართლოს ტრადიციის კიდევ ერთხელ დანგრევა. მე მომხრე ვარ, რომელიმე ღრმა ლიბერალური ქვეყნის უზენაეს სასამართლოსთან მიბმის დროებით და ნაფიცი მსაჯულების და არა მოსამართლეების გაყრის”, – განაცხადა ბოკერიამ.
ნიკა გვარამიამ ბოკერიას ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა გახარიას მკვლელად. ბოკერიას თქმით, გახარია დამნაშავედ მიაჩნია გავრილოვის ღამეში, თუმცა პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღრევა არ უნდა მოხდეს.
“სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური დანაშაულების გამო არ უნდა იყოს. უნდა იყოს ამნისტია ყველასი, გარდა მკვლელობის და წამების”, – აღნიშნა ბოკერიამ.
ბოკერია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ქონების ხელახალ გადანაწილებასაც.
“ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მძიმე შეცდომა იყო ამ პროცესის გაგრძელება. იქ, სადაც სამოქალაქო საფუძველი აქვს ვინმეს, რომ მისი საკუთრება მიითვისა [ივანიშვილმა], ეს გონივრულ ვადებში უნდა უჩივლოს, არ უნდა გავაჩეროთ, მაგრამ რაღაც მომენტში წერტილი უნდა დაუსვა. თუ ლეგიტიმურ გაკულაკებაზე საუბრობთ, ამის წინააღმდეგი ვარ”, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, არც ფარცხალაძის გასამართლების მომხრეა, ვინაიდან ეს სია არასდროს დასრულდება.