საკრებულოში თეიმურაზ ხომერიკის მიერ ანგარიშის წარმოდგენას, რომელიც ფონდის თავმჯდომარის თანამდებობას გასული წლის აგვისტოდან იკავებს, კრიტიკაც მოჰყვა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის განვითარების ფონდი იმ სახით, რა სახითაც არსებობს, უფუნქციოა, რადგანაც დაკავებულია იმ საქმიანობით, რასაც მერიის სხვა სამსახურები და გამგეობებიც ითავსებენ.
“ფონდი დღეისათვის არის სრულიად უფუნქციო, ის დაკავებულია შენობების გამაგრებით და შენობების გამაგრებას ახორციელებს კეთილმოწყობის სამსახურიც და ახორციელებენ გამგეობებიც. ამდენად, აბსოლუტურად უფუნქციოა და ზედმეტია ეს დაწესებულება,”– განაცხადა მან.
ელისაშვილისგან განსხვავებით, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ხელმძღვანელმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ფონდს “კატასტროფული” მდგომარეობა დახვდა, იყო მთელი რიგი გარღვევები და კორუფციული სქემები. ფონდის მომავალი საქმიანობის მიმართ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი.
თბილისის განვითარების ფონდი 2010 წლის 20 ივლისს თბილისის მერიამ დააარსა. მან ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი ჩაანაცვლა. ფონდის პრიორიტეტი, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა და ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაა.
ფონდის 2015 წლის გეგმებში შედის გასულ წლებში დაწყებული გარდამავალი პროექტების დასრულება, მათ შორის, აბანოს, ბოტანიკურის, ვახტანგ გორგასლის, გოგირდის ქუჩებზე შენობა-ნაგებობების აღდგენა-გამაგრება; თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა. ასევე, ფონდი 2015 წელს თბილისში გარკვეული შენობა–ნაგებობების გამაგრება-რეაბილიტაციას და რამდენიმე ადგილას წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის მოწყობას გეგმავს.
საკრებულოს დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ კეთილმოწყობის სამსახურისა და ფონდის პრიორიტეტები ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის და სანამ ეს პრიორიტეტები ერთმანეთისგან არ გამოიყოფა, ყოველთვის იქნება საუბარი იმაზე, თუ ვინ უნდა გადაიხადოს ესა თუ ის ხარჯი. ელისაშვილმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფონდი უნდა არსებობდეს, თუმცა გაცილებით უფრო ვიწრო ინტერესები უნდა ქონდეს.
“ეს უნდა იყოს კონკრეტული, ვიწრო მიზნის ფონდი. ისტორიულ ქალაქსა და მის განვითარებაზე ორიენტირებული ფონდი და არა თბილისის განვითარების ფონდი, რომელიც ხან თბილისის ზღვის პროექტებს ახორციელებს და მოდებულია, ლამის ხაშურს გადაწვდეს უკვე, იმდენად ვერ ხვდება თავის უფლებამოსილებას,“- განაცხადა ელისაშვილმა.
ხომერიკი ამას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ფონდს ძირითადად ისტორიულ შენობებზე აქვს გადატანილი აქცენტი:
“ცენტრალურ მაგისტრალებზე, არაისტორიულ შენობებზე გამაგრებით და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კეთილმოწყობა. რაც შეეხება უბნების მიხედვით ქსელს და ისტორიულ შენობებს, ეს არის ჩვენი ფრონტი. ხოლო გამგეობა ეწევა ძირითადად გამაგრებით სამუშაოებს და არა სამშენებლო სამუშაოებს, ანუ ისინი კულტურული და ისტორიული ძეგლების შენარჩუნებისთვის კი არ არიან მობილიზებული, უპირველესად მოსახლეობის საჭიროებისთვის”- განუცხადა მან “ნეტგაზეთს”.
გარდა ამისა, ელისაშვილმა სხდომაზე ხომერიკს კითხა, თუ რა კრიტერიუმებით არჩევს ფონდი იმ შენობებს, რომლის რეაბილიტირებასაც აპირებს. ხომერიკის თქმით, ყურადღება ექცევა როგორც შენობის მდგომარეობას, ასევე მის კულტურულ და ისტორიულ დატვირთვას.
“ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი, რომელიც დასრულდება ზაფხულში და ფაქტობრივად, ჩვენ გვეცოდინება, 1768 შენობიდან გადაუდებელ გამაგრებას რომელი ექვემდებარება, რომელს აქვს უფრო მეტი კულტურული და სხვა ისტორიული მნიშვნელობა ქვეყნისა და დედაქალაქისთვის,“- განაცხადა ხომერიკმა.
ანგარიშში წერია, რომ თბილისის განვითარების ფონდს როგორც საბიუჯეტო, ასევე არასაბიუჯეტო შემოსავლები აქვს. არასაბუჯეტო შემოსავლებს ფონდის საკუთარი სახსრები (რაც ქონების რეალიზაციით და მიმდინარე სასამართლო დავებიდან მიღებულ თანხებს და სამუშაოებზე გაცემული ავანსებიდან წარმოქმნილი დებიტორული დავალიანებებია) და დონორებიდან მოზიდული სახსრები წარომადგენს.
2015 წლისთვის საბიუჯეტო შემოსავლები შეადგენს 18,550,000 ლარს (ჯამური დამტკიცებული ბიუჯეტის 66%); საკუთარი შემოსავლები კი, ჯამში 9,500,000 ლარს (ჯამური დამტკიცებული ბიუჯეტის 34%) .
ანგარიშის თანახმად, 2014 წლის ოქტომბერში ფონდში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, შედეგად, საშტატო ერთეულები შემცირდა და ახლა 62-ის ნაცვლად 50 შტატია.
საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას თეიმურაზ ხომერიკმა “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ მისი თანამდებობაზე მოსვლამდე ფონდის ხელმძღვანელის ხელფასი 12 000 იყო, ახლა მისი ხელფასი 4 700 ლარია. გარდა ამისა, მისი თქმით, შემცირებულია თანამშრომელთა ხელფასებიც.