ახალი ამბები

ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს

12 ოქტომბერი, 2019 •
ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს

შსს-მ ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრადლებული კაცი დააკავა.

ქალი, რომელიც 11 ოქტომბერს ხაშურში, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა დაჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საავადმყოფოს ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმები ქალის გადარჩენას რამდენიმე საათს ცდილობდნენ, თუმცა მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო. იგი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, მას ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 30 წლის ნ.გ.-ს „ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, კაცმა ქალის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, თუმცა ის არ აფეთქებულა. შსს-ში წინა დღეს გვითხრეს, რომ ადგილზე გამნაღმველები მართლაც მუშაობდნენ.

12 ოქტომბრის განცხადებით, 32 წლის ბრალდებული, გარდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა, დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაც.

„ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა“, — წერს შსს.

ბრალი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს პრესრელიზის თანახმად, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო;

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი