საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი შენობის საჭიროებას ფუნქციების ზრდას უკავშირებს.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბოლოდროინდელი საკანონდებლო ცვლილებების საფუძველზე მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები, რომელთა ჩამონათვალს დაემატა ისეთი სფეროების რეგულირება, როგორებიცაა: არასაბანკო სფერო, საკრედიტო ბიურო, საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობა; ასევე, მიმდინარეობს ევროდირექტივებთან დაახლოების პროცესი.
გავრცელებულ განცხადებაში ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საჭიროებს შესაბამის საკადრო რესურსს და დამატებით საოფისე ფართს. არსებული საოფისე ფართები ვერ პასუხობს ვერც მიმდინარე და, მით უფრო, ვერც სამომავლო მოთხოვნებს:
“ამჟამად,საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების ერთი მესამედი ნაქირავებ ოფისშია განთავსებული, რაც თავის მხრივ სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ინფორმაციისთვის, 2012 წელს ამჟამინდელ სათავო შენობაში (სანაპიროს ქუჩა 2; 6 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართით) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16.4 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, ახალი ოფისის (ფართი 17 ათას კვადრატულ მეტრამდე,) მშენებლობის ხარჯის დიდწილად დაფარვა სწორედ არსებული შენობის რეალიზაციიდან მიღებული თანხებით იგეგმება.
ხარჯების ეკონომიისა და თანხების გონივრულად განაწილების მიზნით, ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აშენდეს ცალკე შენობა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის გამართულ და შეუფერხებელ წარმართვას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ მიწის ნაკვეთი ახალი სათავო ოფისისთვის გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის და კანონმდებლობის სრული დაცულობით შეირჩა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაკვეთის მოძიების მიზნით, საწყის ეტაპზე ეროვნულმა ბანკმა მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას და აღნიშნული უწყებებისგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიწის თავისუფალი ფართის თაობაზე უარის მიღების შემდეგ მოიძიეს და განიხილეს სხვა ალტერნატივები:
“ეროვნულმა ბანკმა მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანია შპს “სითი ცენტრთან”. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ეროვნული ბანკი მიწის საფასურს არ გადაუხდის გამყიდველს მშენებლობისათვის საჭირო ნებართვების მიღებამდე.
ნასყიდობის ხელშეკრულება მაქსიმალურად იცავს ეროვნული ბანკის ინტერესებს, ვინაიდან, რისკების თავიდან აცილების მიზნით, მშენებლობისათვის აუცილებელი ნებართვების მიუღებლობის შემთხვევაში, ქონება უკან დაუბრუნდება გამყიდველს მისივე ხარჯით, ხოლო ეროვნულ ბანკს არანაირი სანქცია არ დაეკისრება. რაც შეეხება თავად ოფისის მშენებლობას, დეტალური ინფორმაცია, პროექტის სრული სახელშეკრულებო ღირებულების ჩათვლით, მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული სატენდერო პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი” ,- წერია განცხადებაში.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დამოუკიდებლები არიან თავის საქმიანობაში. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უწყება არასაბიუჯეტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელსაც აქვს საკუთარი შემოსავლები. ასევე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას:
“ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა ეროვნულმა ბანკმა ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკასო ცენტრის მშენებლობით დაიწყო. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკასო ცენტრი 2012 წლის ივნისში გაიხსნა და ნაღდ ფულთან და ფასეულობებთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია დღეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების მიხედვით, დაცვისა და უსაფრთხოების ავტომატიზირებული სისტემებით მიმდინარეობს”, – წერია განცხადებაში.
ეროვნული ბანკი თბილისში ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს. ახალი ოფისი ცირკსა და მტკვარს შორის არსებულ 8 779 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე აშენდება. ეს ნაკვეთი ცენტრალური ბანკის საკუთრებაშია 2019 წლის 26 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ახალი შენობის სავარაუდო ღირებულება 50 მილიონი ლარია.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/222982/