ქალი, რომელიც დღეს, 11 ოქტომბერს ხაშურში, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა დაჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ნეტგაზეთს კლინიკაში უდასტურებენ.
საავადმყოფოს ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმები ქალის გადარჩენას რამდენიმე საათს ცდილობდნენ, თუმცა მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო. სასწრაფოში ამბობენ, რომ ქალი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, მას ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, კაცმა ქალის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, თუმცა ის არ აფეთქებულა. შსს-ში კი ამბობენ, რომ ადგილზე გამნაღმველები მართლაც მუშაობდნენ.
გამოძიება მომხდართან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.