ახალი ამბები

პროკურატურის PR ადასტურებს, რომ ბოკუჩავა/მარიკაშვილის კადრი მან გადაიღო, FB გვერდთან კავშირს უარყოფს

10 ოქტომბერი, 2019 •
პროკურატურის PR ადასტურებს, რომ ბოკუჩავა/მარიკაშვილის კადრი მან გადაიღო, FB გვერდთან კავშირს უარყოფს

პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომელი ნინო კოტარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ენმ-ის წევრ თინა ბოკუჩავას და არასამთავრობო ორგანიზაცია GDIS-ის წარმომადგენელ ედუარდ მარიკაშვილის კადრი მან გადაიღო.

თუმცა კოტარია უარყოფს კავშირს ფეისბუკ-გვერდ “ერთიან პროვოკაციულ მოძრაობასთან”, სადაც შემდეგ კადრი გამოქვეყნდა.

“კი, მე ვარ, კი, ვიდეოებს ვიღებდი! და ჩავაგდე მეგობრების დახურულ ჯგუფში დაახლოებით 100-კაციანში, თუ ვინმეს აქვს შეხება ამ რაღაც ჯგუფთან, ნადვილად არ ვიცი”, – მისწერა ნეტგაზეთს კოტარიამ.

მას ასევე ვკითხეთ, რა მიზნით გადაიღო ეს ვიდეო, კოტარია არ პასუხობს.

გიორგი მშვენიერაძემ გუშინ, 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ სიძულვილის გავრცელებით გამორჩეულმა ერთ-ერთმა Facebook გვერდმა გამოაქვეყნა მისი თანამშრომლისა და თინა ბოკუჩავას პარლამენტში გადაღებული ფოტო, რომელიც პროკურატურის თანამშრომელმა გადაიღო.

მისივე მტკიცებით, უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეს ფოტო პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე გადაიღო, შემდეგ კი ეს ფოტო ამ გვერდზე მოხვდა.

საუბარია Facebook გვერდზე “ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა”, რომელიც მოხვდა “მედიის განვითარების ფონდის” კვლევაში “ტროლები ანტისაოკუპაციო პროტესტის წინააღმდეგ”. ორგანიზაციის თანახმად, ის  ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ შექმნილი ისეთივე გვერდია, როგორებიცაა “ამხილე”, “ნაცი კლავს” და სხვა.

მოგვიანებით “კოალიცია მართმსაჯულებისთვის” წარმომადგენელმა ედუარდ მარიკაშვილმა თავად გაავრცელა ვიდეო, სადაც ფოტოს გადაღების პროცესი ჩანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი