ფარმაცევტულ კომპანია „Johnson & Johnson“-ს ფილადელფიის სასამართლომ 8 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა მომჩივანის სასარგებლოდ. სასამართლოს აზრით, კომპანიამ არ გააფრთხილა მომხმარებლები პრეპარატ „რისპერდალის“ (Risperdal) გვერდით მოვლენებზე, კერძოდ კი, მამაკაცებში მკერდის ზრდაზე. შედეგად, კომპანიის აქციების ფასი 2 პროცენტით დაეცა. ამის შესახებ „BBC“, „Financial Times“, „The New York Times“ და სხვა წყაროები წერენ.
სასამათლოს გადაწყვეტილებით, კომპანია ვალდებულია აუნაზღაუროს ზარალი ნიკოლას მიურეის, რომელმაც აქამდე უკვე მოიგო კიდევ ერთი საქმე კომპანიის წინააღმდეგ. მიურეის გარდა, „Johnson & Johnson“-ის წინააღმდეგ სასამართლოში თავის რიგს ათასობით ანალოგიური საქმე უცდის.
პრეპარატი, რომელიც შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური აშლილობების მკურნალობისთვისაა შექმნილი, სხვა მსგავსი საქმეების ფიგურანტი არაერთხელ იყო. ამ დრომდე კომპანიას სხვა საქმეში 2,5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. დაზარალებული მხარის აზრით, პრეპარატის გამო აუტიზმის მქონე ბიჭს 8 წლის ასაკიდან მკერდი ეზრდებოდა, ხოლო შედეგის რამენაირად ნეიტრალიზება შეუძლებელი იყო. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ რისპერდალი იწვევს გინეკომასტიას, რომლის შედეგადაც ჰორმონ პროლაქტინის აქტივაციის გამო მამაკაცებს მკერდის ქსოვილი უსივდებათ.
აქამდე, „Johnson & Johnson“ სხვა საქმეების ფიგურანტიც იყო – კომპანიას ედავებოდნენ ამერიკაში ოპიოდების კრიზისის გაღვივებას და მათი ჰიგიენური პუდრის მიერ კიბოს გამოწვევას. კომპანია ორივე ბრალდებას ასაჩივრებს.
„Johnson & Johnson“-ში ფილადელფიის სასამართლოს ვერდიქტს არ ეთანხმებიან და სააპელაციო სასმართლოში გასაჩივრებას აპირებენ. იურისტების აზრით, ჯარიმა „ზედმეტად არაშესაფერისია“ და დარწმუნებული არიან, რომ შემდეგი ინსტანცია ვერდიქტს შეცვლის. „მომჩივანის ადვოკატმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მართლა მიიღო რამე ზიანი“, – აცხადებენ კომპანიაში. მათივე თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი მთავარი არგუმენტები, მათ შორის ის, რომ მათი აზრით, ფარმაცევტული კომპანია ხაზს უსვამდა რისკებს და პრეპარატსაც პაციენტებისთვის დიდი სარგებელი მოჰქონდა.
ავტორი: ნიკა ბურდული