ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ ოფიციალურად შეიყვანეს არაკომერციული ორგანიზაციების უცხოურ აგენტთა რეესტრში. შესაბამის ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს.
ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც ვლადიმერ პუტინს უპირისპირდება და მისი მთავრობის წინააღმდეგ ხშირად აწყობს სხვადასხვა აქციებს.
2019 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ის ფონდის თანამშრომლებს ფულის გათეთრებას ედავება.
ამასთან დაკავშირებით სამინისტროს არაკომერციული ორგანიზაციების საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ ტიტოვმა განაცხადა, რომ ფონდის უცხოური აგენტების რეესტრში შეყვანა „არანაირ კავშირში არაა ფონდის დაფინანსების არხებთან დაკავშირებულ გამოძიებასთან“ და მიღებულია იუსტიციის სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამართველოს მიერ „მედიასაშუალებებში არსებული პუბლიკაციების საფუძველზე“.
„მხოლოდ 2019 წელს ფონდმა უცხოეთიდან 140 000 რუბლის (დაახლოებით 2156 აშშ დოლარი) ეკვივალენტური თანხა მიიღო. იყო ორი ტრანში ესპანეთიდან და ერთი აშშ-დან“ – განაცხადა ტიტოვმა. იუსტიციის სამინისტროს საიტზე ამ ტრანშების წყაროდ მითითებულია კომპანია „Star-Doors.Com“ (აშშ) და „Roberto Fabio Monda Cardenas“ (ესპანეთი).
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების საპასუხოდ, ფონდის ხელმძღვანელმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, რომ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი ფინანსდება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების მიერ და უცხოური დაფინანსება ფონდს არასდროს მიუღია. რაღაც სიებში შეყვანა, რომელიც თავად მოიფიქრეს, ფონდის საქმიანობის შეჩერების მორიგი მცდელობაა“. მომხდარს აგრეთვე გამოეხმაურა თავად ნავალნი და დაწერა: „ვითხოვთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ საჯაროდ აუხსნას ყველას და მტკიცებულებებიც წარადგინოს, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა უცხოური ფულის ერთი კაპიკი მაინც მიიღო“.
ავტორი: ნიკა ბურდული