“მე ვერ ავიღებ ჩემს თავზე [პასუხისმგებლობას] 90-იანი წლების განათლების სისტემაზე, მე შემიძლია ვისაუბრო ჩემს დიპლომზე, სამართლებრივ შემადგენლობებზე და კითხვებზე, შემიძლია ვისაუბრო პროკურატურაზე, შემიძლია ვისაუბრო სასამართლოზე. ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე “,- განაცხადა დღეს გასაუბრებაზე შალვა თადუმაძემ.
დღეს, 9 ოქტომბერს, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და ამჟამინდელ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს უსმენს. გასაუბრების პერიოდში ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს შორის თადუმაძის უმაღლესი განათლება და დიპლომი იყო.
სწორედ ამ კრიტიკას ეხმაურება თადუმაძე და ამბობს:
“ასეთი განათლების სისტემა იყო და, შესაბამისად… არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ შალვა თადუმაძეს არ ჰქონდა ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა. არსებობს კანონმდებლობა, რომ არ მაინტერესებს, სად იყო გახსნილი… სადაც იყო გახსნილი, სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის, მიწისქვეშ გადასასვლელში უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი. რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე.
მე ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით და მე ვერ ავიღებ იმაზე პასუხიმსგებლობას, 1997 წლამდე საბჭოთა განათლების კანონი რომ მოქმედებდა ამ ქვეყანაში, მე ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ“, – განმარტავს თადუმაძე.
თადუმაძე დეპუტატების კრიტიკას შეურაცხყოფად აფასებს და ამბობს, რომ დღეს თმენის მაღალი ვალდებულება გამოიჩინა. ეს უკანასკნელი კი მასზე დადებითად მეტყველებს:
“ეს არის თმენის ვალდებულება, მესმის. მგონია, რომ ძალიან კარგია, საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს არის ის შემთხვევა, რომ გენპროკურორი თავს აძლევს უფლებას, ამ ფორმატში გამოვიდეს საზოგადოების წინაშე და ყველაზე კრიტიკულ კითხვებს გასცეს პასუხი“, – დასძენს თადუმაძე.
ამავე თემაზე წაიკთხეთ:
თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაზე კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს – TI