ახალი ამბები

შალვა თადუმაძე 3 კურსელსა და ლექტორს არ ასახელებს

9 ოქტომბერი, 2019 • 4694
შალვა თადუმაძე 3 კურსელსა და ლექტორს არ ასახელებს

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ, დაასახელოს 3 კურსელი და ლექტორი, აცხადებს, რომ ამას არ გააკეთებს:

“10 შემიძლია დავასახელო, მაგრამ არ დავასახელებ იმიტომ, რომ მე მათთვის არ მიკითხავს და არ მაქვს ნებართვა, ამ ტრიბუნიდან მათი სახელი და გვარები დავასახელო”, – ამბობს თადუმაძე.

მოგივანებით თადუმაძეს ოთო კახიძემაც ჰკითხა, ხომ ვერ დაასახელებდა, თუ ვინ ასწავლიდა საერთაშორისო სამართალს, რაზეც გენერალური პროკურორი პასუხობს – “ერთ-ერთი ლექტორი”.

შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და ოპოზიციას მისი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ გაუჩნდათ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ მათ მიერ შესწავლილი დოკუმენტებით დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობაა. კერძოდ, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

“შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების  თარიღთან დაკავშირებითაც – დიპლომში აღნიშნულია 1998 წელი, შალვა თადუმაძეს კი ბიოგრაფიაში 1999 წელი აქვს მითითებული. აღსანიშნავია ასევე ადმინისტრაციული ორგანოების ის საეჭვო ერთსულოვნება, რომლითაც ისინი მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა მოტივით უარს გვეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე.

არსებული მიგნების საფუძველზე აუცილებელია, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ  გენერალური პროკურორის დიპლომი და წარმოადგინონ დასაბუთებული განმარტებები არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დარჩება შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაზე კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს – TI

 

მასალების გადაბეჭდვის წესი