ახალი ამბები

ქალი “ოცნების“ დეპუტატს შევიწროებაში ადანაშაულებდა, გამოძიება არ დაწყებულა

7 ოქტომბერი, 2019 • 1714
ქალი “ოცნების“ დეპუტატს  შევიწროებაში ადანაშაულებდა, გამოძიება არ დაწყებულა

ნარინე გინოსიანის საქმეზე, რომელიც “ოცნების“ დეპუტატს სექსუალურ შევიწროებასა და მუქარაში ადანაშაულებდა, პროკურატურამ გამოძიება არ დაწყებულა.

ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად, გამოძიებაც არ დაწყებულა. თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ქალი გასაუბრებაზე პროკურატურაში  იყო. ამ ინფორმაციას ნეტგაზეთთან თავად გინოსიანიც ადასტურებს.

გინოსიანის საქმის შესახებ ცნობილი ამა წლის ზაფხულში გახდა. ნინოწმინდის ბაღების გაერთანების დირექტორი და საბავშვო ბაღის “წიწერნაკის“ დამფუძნებელი, ნარინე გინოსიანი “ქართული ოცნების“ დეპუტატს, ენზელ მიკოიანს, სექსუალური შევიწროებასა და შანტაჟში სდებს ბრალს, რომელიც ქალის თქმით, წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

გინოსიანი ამობს, რომ დეპუტატმა მას არაერთხელ შესთავაზა სექსუალური კონტაქტი, დაემუქრა გაუპატიურებით და განადგურებით. თუმცა მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა მასთან ურთიერთობასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან უკანონო თანამშრომლობაზე, მის წინააღმდეგ საქმე წამოიწყეს.

გინოსიანი და ბაღების გაერთიანების ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი თანხების გაფლანგვისა და მითვისების ბრალდებით დააკავეს, თუმცა შემდგომ ისინი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჯამში, საუბარია 9 000-მდე ლარზე.

ნარინე გინოსიანი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სასამართლო სხდომა ამ საქმეზე 30 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

სექსუალური შევიწროება, მუქარა და გამოძიება – რას ყვება გინოსიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი