საქართველოს პრეზიდენტმა ბელგიის სამეფოს და საფრანგეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და ქართველ ქალ ლიდერებს უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოში ქალების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქალები საქართველოში ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი, როგორც პოლიტიკაში, ასევე ბიზნესსა და კულტურაში.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ვროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, კულტურაზე, ეკონომიკაზე და პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ. ასამდე ქართველმა, ბელგიელმა და ფრანგმა ქალბატონმა ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის, სადაზღვეო სექტორის, ტურიზმის კულტურისა და ხელოვნების სფეროებზე მოსაზრებები გაცვალეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მიღებას ასევე ესწრებოდნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.