მედიკამენტების შეძენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი ხშირად ვერ ყიდულობს ექიმის დანიშნულ მედიკამენტს.
ბოლო ასეთი კვლევა, რომელიც მოსახლეობაში მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებული ფინანსური ბარიერის პრობლემებს არკვევდა, UNICEF-მა ჩაატარა.
კეთილდღეობის შესახებ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ოჯახები ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 69%-ს მედიკამენტების შესაძენად ხარჯავენ.
ზოგიერთი ოჯახის მიერ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეულ ხარჯებს UNICEF კატასტროფულად მაღალს უწოდებს. კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2017 წელს შინამეურნეობების (ოჯახების) დაახლოებით 27-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ მედიკამენტების შეძენა მათთვის უმთავრესი პრობლემა იყო.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას სახელმწიფოც აღიარებს და საპასუხოდ 3 წლის წინ პროგრამა შეიმუშავა, რომელსაც მოსახლეობა ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სახელით იცნობს.
პროგრამა 2017 წლიდან მოყოლებული რამდენჯერმე შეიცვალა. 2017 წელს პროგრამა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ვრცელდებოდა. მის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებებისა და დიაბეტის (ტიპი II) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა.
2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და პენსიონერებსა და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან პროგრამამ პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეებიც მოიცვა.
2017-2018 წლებში პროგრამის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პროგრამით მოსარგებლეთა დაბალი რიცხვი იყო, რის გამოც 2017 და 2018 წლებში მისი ბიუჯეტი აუთვისებელი დარჩა.
ამ მიზეზით ოპონენტები ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურებს მუდმივად მიანიშნებდნენ, რომ პროგრამა არაეფექტური იყო და რეალურად ვერ პასუხობდა სამიზნე ჯგუფის საჭიროებებს.
ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო ცვლილება პროგრამაში 2019 წლის აგვისტოში შეიტანა: მოიხსნა 50%-იანი თანაგადახდა პენსიონერებისთვის, შშმ სტატუსის მქონე პირებისთვის და პროგრამის მოსარგებელთა სიას დაემატა საზღვრისპირა მოსახლეობა და ვეტერანები.
როგორ აისახა პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები პროგრამის მიმდინარეობაზე, გაიზარდა თუ არა მომხმარებელთა რაოდენობა? ეს კითხვები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსს, ეკა ადამიას დავუსვით.
„გვქონდა ფული, იყო წამალი, მაგრამ არ გვყავდა იმდენი ბენეფიციარი”
ეკა ადამიას თქმით, ბოლო ცვლილებებმა პროგრამით მოსარგებლეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა. აგვისტოში საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის 50%-იანი ბარიერი მოიხსნა. იგივე გავრცელდა შშმ სტატუსის მქონე პირებზე და პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატა ვეტერანები და ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები სოფლების მოსახლეობა. ყველა ამ პირისთვის პროგრამის განსაზღვრული მედიკამენტების შესყიდვა 1 ლარად არის შესაძლებელი.
„ამ სიახლემ დაგვანახა, რომ ტვირთი დიდი იყო, რადგან მნიშვნელოვნად გაიზარდა დარეგისტრირებულ ბენეფიციართა რიცხვი. 2019 წელს პრაქტიკულად 105 ათასს გადასცდა. ყოველდღიურად ეს რიცხვი მზარდია და თვალსაჩინოა, რომ ეს პროგრამა საჭიროა“, – ამბობს ეკა ადამია.
დავით სერგეენკო პროგრამის დასაწყისში, 2017 წელს ამბობდა, რომ პროგრამით ისარგებლებდა 200 000 ადამიანი, თუმცა 2017-2018 წლების მონაცემები დაანონსებულ მონაცემებზე საგრძნობლად ნაკლები იყო. 2018 წელს პროგრამით ისარგებლა 22 000-მა ადამიანმა, ხოლო 2017 წელს – 13 000-მა ადამიანმა. ეკა ადამიას თქმით, პროგრამით მოსარგებელთა რიცხვი, სავარაუდოდ, 2017 წელს დაანონსებული 200 000 ადამიანს მიაღწევს.
აგვისტოში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ პროგრამაზე მოთხოვნის ზრდას ადასტურებს ჯანდაცვის კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ სამინისტროდან მიღებული ინფორმაციაც.
ეკა ადამიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ხედავდა, რომ პროგრამის უტილიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, რის გამოც 2019 წელს სამინისტრომ პროგრამის შესახებ მოსახლეობაში კვლევა ჩაატარა.
„გვქონდა ფული, იყო პროგრამა, იყო წამალი, მაგრამ არ გვყავდა იმდენი ბენეფიციარი, რამდენიც გვინდოდა, რომ გვყოლოდა. ამისთვის 2019 წლის დასაწყისში დავუკვეთეთ კვლევა.
იქ ძირითადი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდებოდა. მომართვისგან თავს იკავებდნენ, რადგან, მათი ფიქრით, ამ პროგრამით სარგებლობა დიდ პროცედურებთან იყო დაკავშირებული. დიდი იყო პროგრამით კმაყოფილება ჯგუფში ექიმის რეკომენდაციით ჩართული პირების მხრიდან. თუმცა ძირითადი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებლობაა, რის აღმოსაფხვრელადაც სამინისტრომ მუშაობა დაიწყო. მინისტრის მოადგილეები უშუალოდ დადიოდნენ ექიმებთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ინფორმაციის მისაწოდებლად. ასევე ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა, დაიბეჭდა ბუკლეტები. საგულისხმოა, რომ გამოკითხულებმა ერთ-ერთ პრობლემად მედიკამენტებზე დაწესებული თანაგდახდა დაასახელა“, – ამბობს ეკა ადამია.
მისივე თქმით, დაბალი უტილიზაციის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ისიც იყო, რომ ექიმები ძირითადად ბრენდულ მედიკამენტებს ნიშნავენ და არ წერენ ჯენერიკულ მედიკამენტებს. ექიმებთან საინფორმაციო შეხვედრების დროს საუბარი ჯენერიკული მედიკამენტების გამოწერასაც შეეხო.
ეკა ადამიას შეკითხვა აფთიაქების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზეც დავუსვით, პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტები ქვეყნის მასშტაბით 119 აფთიაქშია ხელმისაწვდომი.
„თავიდან ითვლებოდა, რომ პრობლემა იყო აფთიაქების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ჩვენი დისტრიბუტორი არის პსპ. პსპ-ს ვალდებულებაში ედო, რომ უნდა დაეფარა მთელი საქართველო და ყველა მუნიციპალიტეტში თითო აფთიაქი ჰქონდა. ამის მიუხედავად, ჩაითვალა, რომ პროგრამაში სხვა სააფთიაქო ქსელიც უნდა ჩაგვერთო და ეს შარშან განვახორციელეთ. ამჟამად პროგრამაში სამი ქსელია ჩართული”.
მისივე თქმით, აფთიაქების დამატების რეალური საჭიროება არ არსებობს, აფთიაქები შერჩეულია ცალკეული მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობის და იმ მოსახლეობაში ქრონიკული დაავადების მქონე საპროგნოზო მაჩვენებლის შესაბამისად.
ეკა ადამიას თქმით, ხარჯის მიხედვით წამყვანი დაავადება დიაბეტია, შემდეგ მოდის გულსისხლძარღვთა დაავადებები და სხვა დანარჩენი.
მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოში
მედიკამენტებზე მოსახლეობის მიერ გაწეულ ხარჯზე რამდენიმე სხვადასხვა მონაცემი არსებობს. უახლესი (2018 წელი) კვლევა, რომელიც მოსახლეობის ჯიბიდან მედიკამენტებზე გადახდილი თანხის რაოდენობას შეისწავლის, ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. ამ თემაზე გამოქვეყნებული უახლესი მონაცემები 2017 წლის არის.
არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური კვლევა, რომელსაც საქართველოში მედიკამენტებით გამოწვეულ ხარჯზე საუბრისას ეყრდნობიან. ერთ-ერთი ასეთი კვლევაა ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა. ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა საქართველოში მესამედ ჩატარდა და ის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იძლევა ჯანდაცვის სისტემის შესახებ. ეს კვლევა ბოლოს 2014 წელს ჩატარდა.
ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების 2014 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 18.6% ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს სიძვირის გამო ვერ ყიდულობს.
კვლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მსოფლიო ბანკის დახმარებით განხორციელდა.
ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის მიხედვით, რომელიც ბოლოს 2017 წელს გამოქვეყნდა, საქართველოში ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მედიკამენტებზე დანახარჯის წილი წლებია 35-45% ფარგლებში მერყეობს.
2017 წელს ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მედიკამენტებზე დანახარჯის წილი 36% იყო. ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ფარმაცევტული დანახარჯის წილით ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მოწინავე ადგილს იკავებს.
UNCIEF-ის 2017 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ოჯახები ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 69 პროცენტს მედიკამენტების შესაძენად იყენებენ.
ზოგიერთი ოჯახის მიერ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეულ ხარჯებს UNICEF კატასტროფულად მაღალს უწოდებს. კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2017 წელს შინამეურნეობების (ოჯახების) დაახლოებით 27-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ მედიკამენტების შეძენა მათთვის უმთავრესი პრობლემა იყო.
2015 წელს ორგანიზაცია „ველფეარ ფაუნდეიშენის” ერთ-ერთ ბოლო კვლევა სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტურობის შესაფასებლად ჩატარდა.
კვლევა განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებით, ევროპის ფონდის პროექტის “თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში” ფარგლებში.
კვლევის ავტორებმა 200-მდე მოქალაქე გამოკითხეს. გამოკითხულთა 74,2% ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს ან საერთოდ ვერ ყიდულობს (15,2%), ან მხოლოდ ნაწილის ყიდვას ახერხებს (59%).
„ეს ნიშნავს, რომ 100-დან 74 პაციენტის შემთხვევაში მკურნალობას სასურველი შედეგი ვერ მოჰყვება“, – ვკითხულობთ კვლევაში.
უცნობია, როგორ გამოიყურება მოსახლეობის მიერ მედიკამენტებზე დახარჯული თანხის უახლესი მონაცემები, ან რამდენად შეუმსუბუქა ქრონიკული მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამამ მოსახლეობას მედიკამენტებზე გაწეული ხარჯი, ან გახადა შესაძლებელი მკურნალობა უღარიბესი და მოწყვლადი მოსახლეობისთვის.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც პროგრამაში მონაწილეობა ყველა პენსიონერისთვის გახდა შესაძლებელი, პროგრამით მოსარგებლეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ყველა იმ პირისთვის, ვისთვისაც პროგრამით სარგებლობა შეუძლია, პრობლემას აგვარებს.
მისი თქმით, ბევრია ისეთი, ვინც ძალიან ახლოა სიღარიბის ზღვართან და ვერ ყიდულობს მედიკამენტებს. მნიშვნელოვანია, მათთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს მედიკამენტი, ოღონდ მიაჩნია, რომ ამის ადმინისტრირება სახელმწიფომ არ უნდა განახორციელოს, რადგან წამლების ხარჯების ეფექტური კონტროლი გაჭირდება და არარაციონალურად გაიზრდება ხარჯი.
მისივე თქმით, სახელმწიფო უნდა დაუბრუნდეს კერძო სადაზღვევო კომპანიებს და მათი გავლით მართოს სახელმწიფო პროგრამები, რადგან სადაზღვევო კომპანიების მიერ წამლის დანიშვნის პრაქტიკა აჩვენებს, რომ კერძო სექტორი ეფექტურად ახორციელებს კონტროლს რაციონალურ ხარჯვაზე.
ჯანდაცვის ექსპერტის, თინათინ ტურძელაძის თქმით, სახელმწიფოს მიერ „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამის დაწყება დაგვიანებული, თუმცა სწორი გადაწყვეტილება იყო!
„რაც შეეხება ხარვეზებს – ის, რომ ხელმისაწვდომობის უმწვავესი გამოწვევის პირობებში, პროგრამით მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები ადამიანი სარგებლობს, სერიოზული პრობლემაა! სამინისტრო ვარაუდობს, რომ ეს ინფორმაციული კომუნიკაციის ხარვეზია. მე ვფიქრობ, პრობლემა უფრო ღრმაა და ინფორმაციული ხარვეზის მიღმა შესწავლილ უნდა იქნას პროგრამის აქტორების მოტივაცია და ქცევები. ხომ არ ახდენს გავლენას მედიკამენტების წინასწარი შესყიდვა და მარაგების შექმნა პროგრამის ფარმაცევტული აქტორების მოტივაციასა და ქცევაზე. ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდება პროგრამის დიზაინის კორექტირება“, – ამბობს თინათინ ტურძელაძე.