ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, გიორგი ლაფერშვილის გამოკითხვა დასრულდა.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი. მისივე თქმით, გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ პროკურატურაში მისი დაბარება უკავშირდება ტელეკომპანია ფორმულას.
“ძალიან მოკლე კომენტარი შემიძლია გავაკეთო, თან მეცინება. მაქვს დადებული ხელწერილი გაუთქმელობის შესახებ. აქედან გამომდინარე, არ მაქვს საშუალება დეტალებზე ვისაუბრო. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ახალი და მოულოდნელი არაფერი ყოფილა პაატა სალიას იმ ბრიფინგის შემდეგ, რომელიც თვენახევრის წინ გაიმართა და პრინციპში გასაგები იყო, რა კითხვებიც ექნებოდათ [გამომძიებელებს]. ეს არის ერთადერთი ის, რისი თქმაც შემიძლია,”-ამბობს ლაფერაშვილი.
პროკურატურის ინფორმაციით, ლაფერშვილთან გამოკითხვა ე.წ ინტერმედიის საქმის ფარგლებში მოხდა, რომელზეც უწყებამ რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინა.