ახალი ამბები

ვინც „სვეცკურ“ ფასეულობებს ქადაგებს, პუტინის საქმეს აკეთებს — სააკაშვილი

3 ოქტომბერი, 2019 •
ვინც „სვეცკურ“ ფასეულობებს ქადაგებს, პუტინის საქმეს აკეთებს — სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც „ტრადიციულობასა“ და „ქრისტიანულობაზე“ ბოლოდროინდელი განცხადებების გამო აკრიტიკებდნენ „პოპულიზმის გზის არჩევისათვის“, კვლავ ავრცელებს ვიდეომიმართვას ამ თემაზე: აცხადებს, რომ „ქართულ ღირებულებებს მუდამ პატივს სცემდა“ და იმეორებს, რომ საქართველოში არსებობს „ერთი ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომელიც დასცინის ყველაფერს ქართულს“.

სააკაშვილის განცხადებითვე, ეს ადამიანები „პუტინის საქმეს“ აკეთებენ, რადგან „პირდაპირ ხელში უგდებს საზოგადოების ნაწილს [ლევან] ვასაძეს, [ირმა] ინაშვილს და საქართველოს მტრების სხვა პირდაპირ აგენტებს“. თუმცა, მისივე განცხადებით, „არაფერ კავშირში არ არის რუსეთის აგენტები და ჩვენი ღირებულებები და ფასეულობები“.

ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი ინიციატივით გაფორმდა კონკორდატი მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

„პუტინის საქმის აკეთებენ“

„მოდით, ვიყოთ გულწრფელები, ყველა, ვინც ქადაგებს ამ სვეცკური, ვითომ პროგრესული, ქართული ტრადიციული ცნობიერებისაგან მოწყვეტილი ფასეულობებით, დღეს რეალურად, უნებლიეთ (გაცნობიერებულად პუტინის სამსახურში ყოფნას ნუ დავაბრალებთ) პუტინის საქმეს აკეთებს, იმიტომ, რომ ქართული საზოგადოების სრულ უმრავლესობას ზურგს აქცევს, დასცინის, შავებად და ბნელებად ნათლავს და საალაფოდ უტოვებს პუტინის ქვეშევრდომებს – ვასაძეებს, ქართულ მარშებს და ასე შემდეგ. ნახეთ, რა პარადოქსი მივიღეთ შედეგად – ყველა სინამდვილეში პრორუსული ძალა ქადაგებს და სპეკულირებს ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებით და ყველა დასავლური ორიენტაციის პროგრესული საღი ძალა უნებლიე, თავსმოხვეულ კონფლიქტშია ქართულ ტრადიციულ ფასეულობებთან“, — დაწერა სააკაშვილმა.

„…მოდით, შევთანხმდეთ, რომ ეს არ არის მოდა, ეს არის ის, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი. უბრალოდ, რუსულმა და მტრულმა პროპაგანდამ ყველაფერი პირიქით მოატრიალა. აქეთ შემოგვტენა ისეთი რამ, რაც უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს. აქ ვინმესთან პიროვნულ დაპირისპირებაზე არაა საუბარი. სიმართლე უნდა ითქვას. ყოველთვის თავს ვიკავებდი რაღაც დონემდე, მაგრამ ამდენი ტყუილის და უბედურების შემდეგ ხალხს უნდა გაეგო სიმართლე, რაც არის ფუნდამენტური განსხვავება, მეგობრებო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ყველასთან. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან საერთო უბედურების წინააღმდეგ“, — ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

რაზე საუბრობს სააკაშვილი?

ამ კამათის პირველი ტალღა 29 სექტემბერს, კვირა საღამოს, „მთავარ არხზე“ წამოვიდა, როდესაც ნიკა გვარამიასთან და ეკა კვესიტაძესთან გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისი ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია გააკრიტიკა:

„რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, აქ არ არის პიროვნული განსხვავებები, აქ არის ფუნდამენტური განსხვავებები. მე ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან… მთელი ეს წლები განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ. ჩვენი ქართული ფასეულობები, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი. ბოკერია არის ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული“.

ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ასე გამოეხმაურა: „მალე, ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს“. სააკაშვილის განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა ენმ-სა და სხვა პარტიებშიც.

საუბრის გაგრძელება

სააკაშვილმა 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ თქვა: „დიახ, მე ვარ ძალიან ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაზრდილი, ძალიან სერიოზულ ძირძველ ქართულ ტრადიციებზე. და, დიახ, არის საქართველოში ერთი ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომელიც დასცინის ყველაფერს ქართულს, აბაიბურებს და რაღაც ასე „სვეცკურად“, ზემოდან უყურებს იმ ხალხს, რომელსაც სჯერა თავისი ტრადიციების და მრწამსის“.

 

„ტრადიციულობა და ქართული ღირებულებების პატივისცემა ყოველთვის იყო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ვიღაცები ამბობენ, სააკაშვილმა ახლა აღმოაჩინაო. უკაცრავად! საქართველოში კონკორდატი [სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის] გაფორმდა ჩემი ინიციატივით, როდესაც მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი ქართული დროშა“, — ამბობს სააკაშვილი 2 ოქტომბერს გავრცელებულ ახალ ვიდეომიმართვაში.

კონკორდატი სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებაა, 2001-2002 წლებში დამტკიცებული, რომელიც არაერთხელ გაუკრიტიკებია სხვადასხვა აქტორს სეკულარული პოზიციიდან, იმ არგუმენტით, რომ როგორც EMC წერს, მისი ზოგიერთი პუნქტი „სახელმწიფოსა და ეკლესიის გადაჯაჭვულობის ტენდენციებზე მიანიშნებს“.

სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები პოპულისტურად შეაფასეს „ნეტგაზეთთან“ საუბარში პოლიტიკის მიმომხილველებმა. სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გვითხრა, რომ „სააკაშვილის ამოცანაა გაიფართოოს ამომრჩეველთა ველი 2020 წლის არჩევნებისთვის და ეძებს გზებს ამისთვის. ის ფიქრობს, რომ ლიბერალური ღირებულებები არ არის ის ანკესი, რომელზეც ამომრჩეველთა ფართო მასებს წამოაგებს, და მიმართვს ძალიან პოპულისტურ გზას, ცდილობს აქცენტი დასვას ქრისტიანულ ღირებულებებზე, რომლებიც მისი აზრით, საშუალო სტატისტიკურ ქართველს აუცილებლად უნდა გააჩნდეს“.

ნახეთ ვრცლად:

მიშა და რელიგიური ნიშა

გირჩევთ ასევე:

ვის (არ) მოეწონა ენმ-ში სააკაშვილის განცხადება ბოკერიასა და იდეოლოგიურ პლატფორმაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი