ახალი ამბები

ყანჩელის მუსიკით ლანა ღოღობერიძის ახალი ფილმის პრემიერა დეკემბერში იგეგმება

2 ოქტომბერი, 2019 • 3106
ყანჩელის მუსიკით ლანა ღოღობერიძის ახალი ფილმის პრემიერა დეკემბერში იგეგმება

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძის ახალი ფილმის პრემიერა, რომელიც გია ყანჩელის მუსიკითაა გაფორმებული, 2019 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე იგეგმება. რეჟისორის თანახმადვე, ამ ნამუშევარს დედამისის, სსრკ-ში პირველი ქალი კინორეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის 1934 წლით დათარიღებულ, აკრძალულ ფილმთან ერთად უჩვენებენ.

კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს, გამთენიისას, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმავე საღამოს ლანა ღოღობერიძემ ტვ პირველზე კომპოზიტორზე საუბრისას თქვას, რომ მის ბოლო ფილმში, რომელშიც მთავარ როლს ნანა ჯორჯაძე ასრულებს, გია ყანჩელის მუსიკა გასდევს. რეჟისორმა ასე აღწერა გია ყანჩელთან ფილმზე მუშაობის პერიოდი:

„მოლაპარაკებულები ვიყავით, რომ ჩემი ამ ბოლო ფილმისთვის უნდა დაეწერა მუსიკა. ჯერ ფილმის გადაღება დაწყებული არ მქონდა, რომ გიას დაემართა ერთ-ერთი შეტევა, რომლის დროსაც, ფაქტობრივად, ეგონათ ხოლმე, რომ მიდის ამ ქვეყნიდან. ის კი ბრუნდებოდა. მგონი, ნებისყოფით თუ სიცოცხლის სიყვარულით თუ, არ ვიცი, რაღაცით, ბრუნდებოდა. ამის შემდეგ ერთხელ დამირეკა. ვკითხე, გია, რა დაგემართა, რაღაც ცუდად ყოფილხარ-მეთქი. მიპასუხა, არა, შენ ნუ გეშინია, გადაწყვეტილი მაქვს, სანამ შენი ფილმის მუსიკას არ დავწერ, მე იქით არ წავალო. ისე ამბობდა ამას, ისე ლაღად და მხიარულად, იჯერებდი, რომ მართლაც არსად არ წავიდოდა“…

„ბოლოს მივედით გიასთან, მივიტანეთ დედაჩემის ფილმი, — რომელიც ცალკე ძალიან ტრაგიკული და დრამატული ისტორიაა, რადგან 1934 წელს აკრძალეს ფილმი, არავის რომ უნახავს ისე, და ახლა, ამ რამდენიმე თვის წინ ჩამოიტანა კულტურის სამინისტრომ მოსკოვიდან დიდი ძალისხმევით. ერთი სიტყვით, ეს ფილმი უნდა ენახა გიას, გააკეთებდა თუ არა მუსიკას… [ავადმყოფობისას] უყურა ფილმს და ისეთი ჩართული იყო და ისე განიცადა… კინოს უბრალოდ კი არ უყურებდა, მუსიკალურად ხედავდა უკვე. ძალიან ემოციურად აღიქვა. გააკეთა მუსიკა. გააკეთა, მაგრამ გაირკვა, რომ საკუთარ სიმფონიურ მუსიკაზე არ ჰქონდა საავტორო უფლებები, რაღაც ფირმებს ეკუთვნით. და მერე მაინც ყველაფერი უკარნახა სანდროს, თავის შვილს, და სანდრომ მშვენივრად გააკეთა“, — გვიამბობს რეჟისორი.

აუცილებლად წაიკითხეთ:

გია ყანჩელი პაუზებს შორის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი