ახალი ამბები

„ჩვენც ველოდებით ინფორმაციას“ — ისარგებლებს თუ არა ილიაუნი აბასთუმნის ობსერვატორიით?

2 ოქტომბერი, 2019 •
„ჩვენც ველოდებით ინფორმაციას“ — ისარგებლებს თუ არა ილიაუნი აბასთუმნის ობსერვატორიით?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქეთევან ლაკირბაია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ აბასთუმნის ობსერვატორიის ცალკე სსიპ-ად გამოყოფის შესახებ ინფორმაცია 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაიგეს.

„მანამდე [სექტემბრის თვეში] უბრალოდ მოსაზრება გაგვაცნეს, რომ [ობსერვატორია] ცალკე სსიპ-ად უნდა გავიდეს“, — გვითხრა მან. მისი თქმითვე, უნივერსიტეტიც ელოდება სამინისტროსგან დამატებით ინფორმაციას, გააგრძელებს თუ არა ილიაუნი ობსერვატორიით სარგებლობას.

მთავრობის 30 სექტემბრით დათარიღებული დადგენილებით, აბასთუმნის ობსერვატორია ილიაუნის გამოეყოფა და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება. ამ სსიპ-ის კონტროლი განათლების სამინისტროს დაევალება და სწორედ სამინისტრო იქნება უფლებამოსილი, დანიშნოს ობსერვატორიის ხელმძღვანელი პირი და წესდება შეიმუშაოს.

როგორც ილიაუნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქეთი ლაკირბაია „ნეტგაზეთს“ ეუბნება, აბასთუმნის ობსერვატორია მუდამ სახელმწიფოს საკუთრება იყო და ილიაუნის მხოლოდ მართვის უფლებით ჰქონდა გადაცემული.

კითხვაზე, უნივერსიტეტით ინფორმაციით, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა, ობსერვატორიით ისევ ისარგებლონ კვლევისთვის, გვიპასუხა:

„არ გვაქვს ინფორმაცია აბასთუმნის ობსერვატორიის განვითარების გეგმებთან დაკავშირებით… ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ცალკე სსიპ-ად იქნება დარეგისტრირებული… [გამოყოფის] მთავარი მიზანი სავარაუდოდ არის ობსერვატორიის განვითარება. განვითარების ნაწილში ჩვენ მოვიაზრებით თუ არა, არ ვიცით, არ ყოფილა ამ დეტალებზე საუბარი, ჩვენც ველოდებით ინფორმაციას“.

განათლების სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ილიაუნის, სხვა უნივერსიტეტების, კვლევითი ორგანიზაციების თუ მსურველების მსგავსად, ექნება შესაძლებლობა, ობსერვატორიით ისარგებლოს.

პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ გადაწყვეტილების მოტივაცია იყო, „ობსერვატორია უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ყველა უმაღლესი სასწავლებლისთვის, სამეცნიერო წრეებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის“. როგორც მათ გვითხრეს: „ობსერვატორია ადრეც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ სამართავად გადაეცა ილიაუნის და ახლა დაგვიბრუნდა“.

თუმცა სამინისტროში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, თუ ვინ იქნება სსიპ-ის ხელმძღვანელი და ა.შ: „ამ დეტალებისთვის ორთვიანი ვადა გვაქვს, რომ სსიპ-ის შექმნის ყველა პროცედურა დავასრულოთ“…

გარეკანის ფოტო: ლევან ვერძეული

მასალების გადაბეჭდვის წესი