მექვაბიშვილის აზრით, პარტიების მონიტორინგის ფუნქცია აუდიტის სამსახურს არ უნდა ჰქონდეს

გენერალური აუდიტორის, ირეკლე მექვაბიშვილის აზრით, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ფუნქცია აუდიტის სამსახურს არ უნდა ჰქონდეს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს განიხილავენ, მექვაბიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის ფუნქცია აუდიტის სამსახურის რეპუტაციისთვის რისკის მატარებელია და ამასთან, ინტერესთა კონფლიქტს ქმნის.

“პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის ფუნქცია კონცეპტუალურად არ ჯდება აუდიტის კლასიკურ სტრუქტურაში. მსოფლიოს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში ამ ფორმით, როგორც ჩვენ გვაქვს, ეს ფუნქცია არ არის. ეს ფუნქია, რომელიც გაწერილია კანონში და პირნათლად ვასრულებთ, გარკვეული რეპუტაციული რისკის მატარებელიც კი არის ჩვენი სამსახურისთვის. ჩვენი ძირითადი საქმიანობა არის აუდიტორული საქმიანობა, ხოლო პოლიტიკური პარტიების მონიტორინგი არ არის ჩვენი ძირითადი საქმიანობა. უფრო მეტიც, პირადად მე აქ ვხედავ გარკვეულ კონფლიქტს, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ პარტიების ფინანსურ მონიტორინგს და პარტიებს ვაჯარიმებთ სხვადასხვა დარღვევებისთვის. პოლიტიკური პარტიები პარლამენტში ხართ წარმოდგენილი, ისმენთ აუდიტის სამსახურის წლიურ ანაგრიშს, ასევე, აუდიტის სამსახურს უმტკიცებთ ბიუჯეტს. აქ არის ინტერესების კონფლიქტი. ამიტომ აუდიტის სამსაუხრი არ უნდა ახორციელებდეს ამ ფუნქციას”, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

მექვაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის ფუნქციის შესასრულებლად მწირი რესურსი აქვს.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას, ანალიზს და შემოწმებას. სამსახური, ასევე, უზრუნველყოფს პარტიების დაფინანსების პროცესის გამჭვირვალობას; კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებზე. გარდა ამისა, სამსახური ახდენს შესაბამის რეაგირებას პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე.

პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური აუდიტის სამსახურში 2012 წლიდან შეიქმნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.